თუ საჭირო გახდა, მთავრობის ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა კანონპროექტებითაც - მდინარაძე სურსათის ფასებზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების წარმოების შესწავლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას მხარს საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც დაუჭერს.

„ბუნებრივია მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება მთავრობის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც.  იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი… მთავარი გამოწვევა კი არის ის, რომ ამის კვალდაკვალ ჩვენ შევძლოთ ფასების დარეგულირება და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის წარმატება ეკონომიკურ სფეროში აისახოს თითოეულ მოქალაქეზე”, – განაცხადა მდინარაძემ.