ეკონომიკის სამინისტრო ეხმაურება დღეს, 12 მარტს ქუთაისში ნამახვენჰესთან დაკავშირებით გასამართ შეხვედრას. სამინისტროს პოზიციით, სამუშაო ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა. გთავაზობთ უწყების განცხადებას:
„როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამუშაო ფორმატში, ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით, უნდა მომხდარიყო „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა.
შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში გახმიანდა რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც გულისხმობს: ძირითადი კვლევების ხელახალ გადამოწმებას და საბოლოო დასკვნების მიღებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის შეჩერებას; რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდის შექმნას; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ქართველი დირექტორის დანიშვნას; ასევე ჰესის ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით.
მიუხედავად ამ ინიციატივებისა და მზაობისა, რომ სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან, გარემოს დამცველებთან ერთად მომხდარიყო ჰესის ხელშეკრულების ძალიან დეტალური განხილვა, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ჯერ კიდევ ცაგერში გასულ კვირას ვიზიტისას განაცხადა, სამუშაო ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა და გავრცელდა არასწორი ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში.
ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მზაობას, რომ შედგეს დიალოგი, მოხდეს ყველა პრობლემური საკითხის სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე დეტალური განხილვა, ასევე მსჯელობა იმ მნიშვნელოვან, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დღეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღეს ქუთაისში შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეკრებულ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აცნობა. მოკლე კომენტარი ასევე გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. შემდეგ ისინი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდნენ ოთახიდან და უკან შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები დარჩნენ.
აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ ქუთაისში დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები და ტექნიკური სახის კითხვების დეტალური გავლა იყო, თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა დარბაზი დატოვა. მისი პოზიციითაც, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ შეხვედრის დატოვება გახდა.
მისივე თქმით, საზოგადოების ყველა კითხვაზე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი აქვთ,
შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრების წასვლამ გამორიცხა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. მისი თქმით, ისინი შეხვედრაზე მინისტრებთან სასაუბროდ და მათთვის კითხვების დასასმელად ჩამოვიდნენ და არა ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელთან.
„შეთანხმება გვქონდა ასეთი, რომ ჩვენ მინისტრებთან გვქონდა კითხვები, ხელისუფლებასთან. დღეს კი შეხვედრაზე დატოვეს ისეთი ხალხი, რომლებიც არ არიან სამინისტროს წარმომადგენლები. მინისტრმა დაგვტოვა და წავიდა. შესაბამისად, შეხვედრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით კონკრეტულ დეტალებზე, რომ მინისტრთან გვქონდა კითხვები, რა აზრი აქვს გიორგი ჩიქოვანისთვის კითხვების დასმას, რომელიც არ არის კომპეტენტური და რა პასუხიც არ უნდა გაგვცეს, ვერავითარ გავლენას პროცესზე ვერ იქონიებს”, – განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც ის ამბობს, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საკითხის მართლაც ცივილიზებული გზებით გადაწყვეტა და მათმა წასვლამ ეს დაადასტურა.
EMC-ის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება, ვინაიდან ეს უწყება წარმოადგენს მთავრობას და შეკითხვები ამ უწყებას სწორედ ამიტომ მიემართებოდა. მისი თქმით, საზოგადოებასთან სამინისტროა ანგარიშვალდებული და არა ენერგეტიკის განვითარების ფონდი.
„ჩვენ ვიცოდით, რომ შეხვედრა უნდა გამართულიყო ადგილობრივ მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, მათთან, ვინც წარმოადგენს მთავრობას და არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად. ეკონომიკის სამინისტროს არცერთ ჩვენს შეხვედრაზე პასუხი არ აქვს, ეს ცხადი გახდა პარლამენტში საკომიტეტო განხილვების დროს – ჩვენს ვერცერთ შეკითხვას ეკონომიკის მინისტრმა პასუხი ვერ გასცა და დღეს გადაწყვიტა, რომ ეს უხერხულობა აერიდებინა იმით, რომ მოპასუხე მხარედ მოიყვანეს სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენელი.
ეს წარმოუდგენელია, ვინაიდან ჩვენი ადრესატი არის საქართველოს მთავრობა, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს სახით. ქალბატონმა ნათიამ პირობა დადო, რომ სამინისტრო გასცემდა ამ შეკითხვებს პასუხს. დღეს კი ვნახეთ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სამინისტროსთან წარმომადგენლობაზე არანაირი კავშირი არ აქვთ. ვფიქრობდით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახლა მაინც შეასრულებდა მის მიერ დადებულ პირობას და გაბედავდა საჯაროდ ეპასუხა კითხვებზე, თუმცა ის, რომ ამას ვერ ბედავენ, ძალიან ბევრზე მეტყველებს”, – აცხადებს ლინა ღვინიანიძე.