ელჩის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება - საგარეო

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება  ევროკავშირის განცხადებას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მისიამ გუშინ გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებზე და მათ წვლილზე საქართველოს კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს.

ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგებელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს

მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით.

ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს „თავდასხმად“ აფასებს და საზოგადოებრივად აქტიურ პირებს უპატივცემულო ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – წერია განცხადებაში.