„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „ელექტრონული კომუნიკაციების“ და „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, ჯერჯერობით პროვაიდერებსა დ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ განხილვა დღეს გადაიდოს და 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის”.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტმა პარასკევს, 10 ივლისის სხდომაზე დაიწყო, სადაც მომხსენებელმა, საქართველოს კომუნიკაციები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა ცვლილების შესახებ ისაუბრა.

რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეწყდა და 11 ივლისს, მარეგულირებელსა და ოპერატორებს დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი:

თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

რაც შეეხება „მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის გაწვევასაც მთავრობა აპირებს, აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით და უკვე არსებულ ჩანაწერს ემატებოდა შემდეგი სახის ჩანაწერი – „სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას”.