გავლენა მედიაგარემოზე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – გოგოსაშვილი კანონპროექტის რისკზე

პუბლიკა

მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი „რადიო თავისუფლების“ ეთერში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს. გოგოსაშვილი შეფასებისას ორ საკითხს გამოყოფს:

პირველი ეხება „მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით და უკვე არსებულ ჩანაწერს ემატება შემდეგი სახის ჩანაწერი – „სარჩელის მიღება სასამართლოში არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას”.

გოგოსაშვილის თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მიერ სადავო აქტზე გადაწყვეტილების მიღებამდე აქტის მოქმედება არ შეჩერდება და ის ძალაში იქნება.

„თუ მოხდება კომისიის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რასაც მაუწყებელი არ ეთანხმება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, აქტი გასაჩივრდეს სასამართლოში. ხოლო თუ ასეთი სახით მიიღებენ ამ კანონპროექტს, როდესაც გასაჩივრდება აქტი, აქტს აღარ შეაჩერებენ.

რას ნიშნავს აქტის შეჩერება? მაგალითად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გავასაჩივრე სასამართლოში და სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელია [დღეს მოქმედი რეგულაციით], აქტი შეჩერდეს.

ამ ჩანაწერით გამოდის ისე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმება მაუწყებელი გადაწყვეტილებას და გაასაჩივრებს სასამართლოში, აქტი ვეღარ შეჩერდება და მოქმედება გაგრძელდება, რაც საგანგაშოა და აზრიც აღარ ექნება ხოლმე გასაჩივრებას“, – განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

მისი თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დადგა აქამდე ეს საკითხი და რა საჭიროა ამის განხილვა დაჩქარებულად წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე საკითხი, რასაც ქარტიის დირექტორი განიხილავს, სპეციალური მმართველის დანიშვნას ეხება.

მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მმართველი ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვისაა განსაზღვრული, იქნება შემთხვევები, როდესაც მმართველს მაუწყებელთან შეხებაც მოუწევს.

გოგოსაშვილი ჩამოთვლის, ვინ არიან ეს კომპანიები: ინტერნეტპროვაიდერები, მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები (საკაბელო ოპერატორები), სატელეკომუნიკაციო კომპანიები (სატელეფონო კავშირი), ასევე – მულტიპლექს ოპერატორები, რომლებიც ღია ეთერით უზრუნველყოფენ მაუწყებლების გავრცელებას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, პირდაპირ არის ეს დაკავშირებული მაუწყებელთან. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მაუწყებელი და სატელეკომუნიკაცო კომპანია იყოს ერთი და იგივე პირი.

მაგალითად, რეგიონული მაუწყებლის დიდ ნაწილში მულტიპლექს ოპერატორი არის თავად რეგიონული მაუწყებელი“, – განმარტავს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი ამბობს, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა ინტერპრეტაცია მიეცემა კანონს და შესაძლებელია თუ არა, ეს გავრცელდეს მაუწყებელზეც.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებზე ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშნვას, მე არ გამიკვირდება, რომ ისეთი განმარტება მიეცეს შემდგომში, პირდაპირ მაუწყებელზეც გავრცელდეს. ესეც რომ არ იყოს, მაინც არის ეს ყველაფერი ერთიანობაში კავშირში, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მთლიანად მედიაგარემოზე და დაუსაბუთებლად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.