„ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. ის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა წარადგინა. რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, რიგი საკითხები სამსჯელო და დასაზუსტებელია, ამიტომ კენჭისყრა ორშაბათისთვის გადაიდო.

კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა და მთავრობას მოუწოდა, გაეწვია კანონპროექტი.


კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი:

თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.