ელისაშვილი: არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს და იქ არსებულ ვითარებას აღწერს.

 „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ. პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას.

იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს. ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება.

ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს. ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“,- წერს ელისაშვილი.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ტელეკომპანია „პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც პატიმარი ამბობს, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“. დავითაძის თქმით, ამ დროს ბადრაგები მას ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი 4.5-წუთიანი ვიდეოკადრები, თუმცა ვიდეოს ხმა არ ახლავს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს შემოწმება-დათვალიერება უტარდება, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების ვერსიით, ამის შემდეგ „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს“, რაც სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით განხორციელდა.

პენიტენციურმა სამსახურმა დავითაძის განცხადებებს სიცრუე უწოდა, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დავითაძის დაწესებულებაში შესახლების ვიდეოში „არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი“.

დავითაძის დედის განცხადებით კი, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს. მისი თქმით, მასალა, რომელიც პროკურორმა ოჯახს აჩვენა, დაახლოებით 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც იყო ინფორმირებული.

სახალხო დამცველის აპარატმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა პროკურატურას, რომელმაც აპარატის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გავრცელებული ვიდეოკადრების შეფასებისას განაცხადა, რომ მასში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო „უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.