ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ასევე ჩამოერთვა ორი ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ელისო კილაძის სასამართლო პროცესები აქამდე სრულად დახურულ რეჟიმში ტარდებოდა, განაჩენის გამოცხადება კი საჯარო იყო.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისო კილაძემ საბოლოო სიტყვით დახურულ სხდომაზე ისარგებლა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ჟურნალისტური საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივით აღიძრა.

ის ამბობს, რომ ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ აქვს და „ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომლის ავტორიც მამუკა მდინარაძეა და მას გვერდს უმაგრებს თანაკურსელი გიორგი გვარაკიძე“.

გთავაზობთ ელისო კილაძის საბოლოო სიტყვას:

„თქვენო ღირსებავ, ვიცი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია, მაგრამ ჩემს პოზიციას მოკლედ მოგახსენებთ, ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის.

ერთ პროცესზე კითხვა დამისვით – რატომ უფრო მოკლე გზა არ აირჩიეს – ქოლცენტრების მონოპოლია რატომ არ დაგაბრალოთ. მას მერე მეც ვფიქრობ ამ კითხვაზე – რატომ? ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის აქცენტებმა ამ კითხვაზე პასუხი ჩამომიყალიბა.

ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე! ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, ქრონიკა + – ის დასახურად!

პროკურორმა ბრძანა – ელისო კილაძე რიგითი ჟურნალისტი არ იყო, აქ ბრალდებულ ჟურნალისტებს არ ჰგავსო, დიდი აუდიტორია ჰყავს და ცნობადი სახეაო.

მიმოწერის და ზარების აკრძალვის დაყენებისასაც ასე წერეს – მისი ცნობადობის და კავშირების გათვალისწინებით, შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეშიო. ესაა თქვენს კითხვაზე პასუხიც.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ჩემს რეპუტაციას, პრინციპებს, სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე. ამ საქმით სწორედ ამ მონაპოვარს ანადგურებენ. „თავს წარმოაჩენდა როგორც ქოლცენტრებთან მებრძოლი ჟურნალისტი“, „მზადაა ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი გააშავოს“, „ჯიბლაძის დაკვეთით ჩავიდა ბათუმში“, „ქოლცენტრის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ფულის სანაცვლოდ“ – ასეთ ფრაზებს ბლომად შეხვდებით ოქროს მოწმეების გამოკითხვის ოქმებში (მამუკა მდინარაძის სცენარი).

დახურეს პროცესი იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე, მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა რომ ქოლცენტრების მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი, არ დაიჯერა რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის.

რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა. მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კვირიდან კვირამდე ადვოკატის მეშვეობით აღწევდა ჩემთან.

მაძლიერებდა ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ჟურნალისტების პროტესტი და პეტიცია, რომელიც გენერალური პროკურატურის მხრიდან უპასუხოდ დარჩა. მაძლიერებდა ჩემთვის უცნობი მძღოლის თანადგომა, რომელმაც საკუთარ ავტომობილს დააწერა – თავისუფლება ელისო კილაძესო და მომიწოდა, არ დანებდეო.

არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ დღეიდან ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან.

თქვენო ღირსებავ, ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, ქოლცენტრებთან ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექსდირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური…

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე. ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!“, – თქვა მან.

ელისო კილაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, „ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ“.

ამავე საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. ამ პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.