EMC მოუწოდებს მთავრობას, არ დაუშვას ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთში ექსტრადაცია

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოდან რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის მანკიერი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის გამო“, – ამის შესახებ განხცადებას EMC ავრცელებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ექსტრადიციისა და არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი მოსალოდნელი მსხვერპლის, ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ.

EMC-ის განხცადებით, ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთის მოქალაქეა, ის გამოირჩეოდა ადგილობრივი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით. მათი თქმმით, 2018 წელს ბანდიუკოვის მიმართ რუსეთის ფედერაციაში საქმე აღიძრა.

ორგანიზაციის განცხადებით, ბანდიუკოვი 62 წლისაა და მის მეუღლესთან ერთად უკვე 2 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლამდე ბანდუკოვი იუჟნო-სახალინსკის მერიაში მუშაობდა და კრიტიკული და შეუვალი პოზიციები ჰქონდა რეგიონში გაბატონებული კორუფციული პრაქტიკის მიმართ, რის გამოც მისი პიროვნება მიუღებელი აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციისთვის, ამ ნიადაგზე 2018 წელს ალექსანდრ ბანდიუკოვი თითქოსდა თაღლითობისა და ქრთამის აღების გამო თვითნებური სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი გახდა. როგორც EMC წერს, გამოძიების პროცესში ის და მისი მეუღლე პოლიციის მხრიდან ცემისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლიც კი გახდნენ.

განხცადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვს პუტინის მმართველობის მიმართ კრიტიკული პოზიციები აქვს და ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა.

„უსამართლო დევნის გამო ბანდუკოვმა ქვეყანა დატოვა, ჩამოვიდა საქართველოში და საერთაშორისო დაცვის სტატუსი ითხოვა. არაერთი გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს დავალებით მას 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭეს, თუმცა, 2021 წლის 27 იანვარს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მას სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით გაუარესდა, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი ინტერესი არ გაითვალისწინა და ალექსანდრ ბანდიუკოვი ექსტრადიციის რისკის წინაშე დააყენა“, – წერია განხცადებაში.

როგორც EMC წერს, ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესადაა დამძიმებული და სტრესის გამო მან სამი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, ის ამჟამადაც საავადმყოფოშია.

2019 წლის 15 მაისის შემდეგ თითქმის 9 თვის განმავლობაში ალექსანდრე ბანდიუკოვი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა.

ორგანიზაციის განხცადებით, არაერთი სასამართლო დავის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შსს მიგრაციის დეპარტამენტს ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭება დაევალა.

„თუმცა, 2021 წლის 27 იანვარს, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობები არ იყო შეცლილი და უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა“, – წერია EMC-ის განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და თვითნებურია. მათივე თქმით, აღნიშნული საქმე ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის გახშირებულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკას ავლენს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს მიგრაციის დეპარტამენტს, ხელახლა განიხილოს ალექსანდრ ბანდიუკვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების საკითხი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის არსებითი ხელყოფის რისკების გათვალისწინებით, მას ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი მიანიჭოს.

ორგანიზაცია, ასევე მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ დაუშვას ალექსანდრ ბანდიუკოვის საექსტრადიციო პროცესი რუსეთში ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო; გადახედოს მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებში, პირველ რიგში რუსეთში ექსტრადიციის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და ანტიჰუმანურ პრაქტიკას.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და ამ და სხვა მსგავს საქმეებზე ეფექტიანი ზედამხედველობა და პოლიტიკის რევიზია უზრუნველყონ.

წაიკითხეთ განხცადება სრულად