EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაიწყოს „გლოვოს“ კურიერების შრომის პირობების შესწავლა

პუბლიკა

EMC სოლიდარობას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაუყონებლივ დაიწყოს ინსპექტირება გლოვოს კურიერების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.

„გუშინ, 29 იანვარს „გლოვო“-ს კურიერების ნაწილმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა, კომპანიის ოფისთან ასზე მეტი კურიერი შეიკრიბა და მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. როგორც კურიერები ამბობენ, კომპანია პერიოდულად აუარესებს სატარიფო პირობებს, რის შედეგადაც მცირდება მათი ანაზღაურება და უარესდება სამუშაო პირობები. მძიმე სამუშაო პირობებს თან ახლავს კომპანიის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო, ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, გამომუშავებაზე მიბმული სამუშაო პრაქტიკის სირთულეები და პანდემიის გამო გაზრდილი უსაფრთხოების რისკები. „გლოვო“-ს კურიერები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, რესტორნებთან/ობიექტებზე შეკვეთის ლოდინის დროის შემცირებას, ანაზღაურების ტარიფის ზრდას და ბონუსების არარეალისტური და უსამართლო სისტემის შეცვლას.

კურიერების ინფორმაციით ყოველ გამოძახებაზე ფიქსირებული ანაზღაურება 2 ლარს შეადგენს, რასაც თითოეულ კილომეტრზე ემატება 25 თეთრი. ეს ტარიფი პანდემიის დაწყებამდე ორჯერ მეტი იყო. შრომის ანაზღაურების წესი ასევე ითვალისწინებს ბონუსურ სისტემას. იმისთვის რომ კურიერმა შეძლოს ბონუსის მიღება, მან კვირაში 180 შეკვეთა უნდა შეასრულოს, რაც დღეში 30 შეკვეთის შესრულებას ნიშნავს, ეს კი კურიერების თქმით „ფიზიკურად შეუძლებელია.“ გამომუშავებაზე და ბონუსის მიღების ამგვარ წესზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემის გამო, ისინი იძულებული არიან სწრაფად შეასრულონ შეკვეთები, რაც მათ ჯანმრთელობას და საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და არაერთხელ გამხდარა კურიერების ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი“,- ნათქვამია განცხადებაში.

EMC მხარდაჭერას უცხადებს „გლოვო“-ს კურიერებს და მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს შრომითი უფლებების დაცვის პროცესში. ამასთან, მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ განახორციელოს კომპანია „გლოვო“-ში არსებული სამუშაო პირობების ინსპექტირება, შეისწავლოს კომპანიაში შრომის უფლებების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.