„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც EMC განმარტავს, რომ სასურსათო მაღაზიათა ქსელის „სპარის“ გადაწყვეტილება – მთელი ღამის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები – ღირსეული შრომის უფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
„ჩვენი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია „სპარის“ მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება. სწორედ ამიტომ, EMC „სპარის“ დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს”, – წერია განცხადებაში.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ იღებენ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს.
EMC-ის ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 300-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:
1.ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით; 2.აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება:
• უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე.
• მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან.
• მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.
• უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად.
• დასაქმებულს სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად.
3. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები.
4. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.
სუპერმარკეტების ქსელმა „სპარმა“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საამუშაო საათები 6:00-21:00-საათამდე განსაზღვრა. ამის შესახებ ისინი facebook-გვერდზეც წერენ.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სამუშაო საათები 6:00-21:00-სთ-მდე გაიზარდოს, რაც ჩვენს მომხმარებელს, მისცემს შესაძლებლობას, სრულად ისარგებლონ არასაკომენდანტო დროით”, – წერს „სპარი”.
ქვეყანაში მოქმედი, ე.წ. კომენდანტის საათის მიხედვით, ქუჩაში გასვლა საღამოს 9 საათიდან დილით 6 საათამდე იკრძალება, შესაბამისად, „სპარში” სამუშაო საათების დასრულების შემდეგ უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი და თანამშრომლები მაღაზიაში რჩებიან.