„ამერიკული ოცნება“, „სპარი“ და ღირსეული შრომის ჩაკეტილი კარი

თამარ ჯაყელი

არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ, თუკი ბევრს იშრომებ, ღამეს გაათენებ, მწირ ხელფასს დაჰყაბულდები, უფროსის ყველა ბრძანებას უყოყმანოდ შეასრულებ და იმედიანად წარმოიდგენ, როგორ ადიხარ სოციალურ კიბეზე (ე.ი. თავად ხდები უფროსი), აუცილებლად მიაღწევ კიდეც „წარმატებას“.

თუკი მართლაც აისრულებენ საწადელს და გახდებიან მმართველი დირექტორები და ტოპმენეჯერები, ასეთი ადამიანები ხშირად გვიყვებიან, თავად როგორ მუშაობდნენ დამლაგებლად ან კონსულტანტად ახალგაზრდობაში და რა გაკვეთილი მიიღეს ამ გამოცდილებიდან. გზავნილი ერთია – ჩვენც არ უნდა ვითაკილოთ შრომა.

თუკი გსურთ, ასეთი ადამიანის განსაკუთრებულად გროტესკული სახე იხილოთ, აუცილებლად უყურეთ „სპარის“ მმართველი დირექტორის ინტერვიუს „TV პირველის“ ეთერში. ამ ინტერვიუმ გამაცოფა.

მის მსგავსად, მეც ფლექსელი ვარ (ანუ სკოლის პერიოდში ერთი წელი გავატარეთ ამერიკაში „მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამით“) და შემდეგ ორივემ ბაკალავრიატი ამერიკაში დავამთავრეთ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული დასკვნები გვაქვს გამოტანილი ყველაფერზე.

„სპარის“ მმართველი დირექტორი გამტარია იმ იდეოლოგიის, რომელიც კომპანიის მოგებას ყველაფერზე მაღლა აყენებს – კონსულტანტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მაღლაც. ის და მისი მსგავსი ტოპ მენეჯერები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო მდგომარეობას იყენებენ, რათა კიდევ უფრო ტოტალური კონტროლი დაამყარონ მათდამი დაქვემდებარებულებზე – „სპარი“ თავის კონსულტანტებს ღამით მაღაზიებში კეტავს და მხოლოდ კომენდანტის საათის დამთავრების შემდეგ აძლევს სახლში წასვლის უფლებას. როდესაც წამყვანი იმ ჩივილებზე ეკითხება, რაც თანამშრომლებს აქვთ, მმართველი დირექტორი გვიყვება, რომ თავადაც ამერიკაში სერვისსექტორში მუშაობდა, თუმცა საერთოდ არ ფიქრობს, რომ ჩაგრული იყო. „ამერიკა ხომ მოგვწონს? მე ამერიკის ცოცხალ მაგალითს გიყვებით“, – არის მისი ერთადერთი პასუხი.

ამერიკის დადებით მაგალითად ხსენება, როდესაც შრომით უფლებებზე ვსაუბრობთ, იგივეა, „მაკდონალდსი“ რომ ვახსენოთ დადებით მაგალითად ჯანსაღ კვებაზე საუბრისას.

თუმცა ამერიკაში არსებობს სოციალური მოძრაობები, რომლებიც უკეთესს მოითხოვენ მშრომელთათვის. არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ვითარების გამოსწორება უნდათ. ალექსანდრა ოკასიო-კორტეზი, 30 წლის კონგრესვუმენი, რომელიც იმ კამპანიის წარმოებამდე, რომელმაც კონგრესამდე მიიყვანა, ბარში მუშაობდა, ახლა იმისთვის იბრძვის, რომ მშრომელებმა ბევრად ღირსეულად იცხოვრონ. ის არასოდეს იტყვის, რომ, რაკი თავად მოახერხა ამერიკულ პოლიტიკაში შეღწევა, სერვისსექტორში დასაქმებულმა სხვა ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეწყვიტონ წუწუნი და მას მიბაძონ.

„სპარის“ მმართველი დირექტორი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ მისი გამოცდილება ამერიკაში, თან სწავლის და თან მინიმალურ ხელფასზე მუშაობის, იგივეა, რაც „სპარის“ კონსულტანტების.

დასაწყისისთვის, საქართველოში მინიმალური ხელფასი არცაა განსაზღვრული. ამის ნებისმიერი მცდელობა კრახით სრულდება. შემდეგ, მეც მიმუშავია ამერიკაში კოლეჯში სწავლის დროს მინიმალურ ხელფასზე, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქემ შევძელი ამერიკაში ჩაბარება და სტიპენდიების მოპოვება, უკვე განსაზღვრავს ჩემს შედარებით პრივილეგირებულობას. ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებდი მხარდაჭერის გარეშე, რაც „სპარის“ კონსულტანტებს არასდროს მიუღიათ. სრული აბსურდი იქნებოდა, ოდესმე ჩემი კოლეჯის დროინდელი სამსახური შემედარებინა საქართველოში მაღაზიის კონსულტანტების სამსახურთან. „სპარის“ მმართველ დირექტორს, როგორც ჩანს, დღემდე არ გაუაზრებია თავისი პრივილეგია და შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებისადმი.

კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა კარგად გვაჩვენა, რომ მაღაზიის კონსულტანტები, დამლაგებლები და დაბალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებული სხვა ადამიანები ბევრად უფრო მნიშვნელოვანნი არიან საზოგადოების გადარჩენისთვის, ვიდრე მათი უფროსები. „სპარისნაირი„ კომპანიების მოგება კონსულტანტებისა და დამლაგებლების შრომაზეა დაფუძნებული, არადა, სწორედ ისინი მუშაობენ ყველაზე არაადამიანურ პირობებში, ყველაზე არაადამიანურ ხელფასზე.

„სპარის“ მმართველი დირექტორი გვესაუბრება შრომაზე ამერიკაში და გვახსენდება „ამერიკული ოცნება“ – იდეა, რომ, თუკი საკმარისად მოინდომებ, გაიუმჯობესებ სოციალურ მდგომარეობას – რომელიც სინამდვილეში ადამიანების უმეტესობისთვის ილუზიაა. შესაძლოა მაშინ, როცა ამერიკული სახელმწიფო მეტად იყო ორიენტირებული მშრომელთა კლასის კეთილდღეობაზე და ქმნიდა მშრომელთათვის სოციალურ პროგრამებს – დიდი დეპრესიის შემდეგ, ფრანკლინ დელანო რუზველტის ეპოქაში – „ამერიკული ოცნება“ მართლაც წარმოადგენდა რეალურ შესაძლებლობას ღარიბი ამერიკელებისა და ემიგრანტებისთვის, თუმცა მაშინაც კი, როდესაც შიმშილს გაქცეული ირლანდიელები, სიღარიბესა და პოლიტიკურ რეპრესიას გაქცეული იტალიელები და ფაშიზმს გაქცეული ებრაელები ამერიკაში ჩადიოდნენ უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად და დიდწილად იუმჯობესებდნენ კიდეც მდგომარეობას, ამერიკული სახელმწიფო თავისი ოცნებიდან გამორიცხავდა ორ ჯგუფს – შავკანიან ამერიკელებს და მკვიდრ მოსახლეობას (ამერიკელ ინდიელებს).

ბევრი ახალგაზრდა ამერიკელისთვის, რომელიც თვიდან თვემდე ძლივს ირჩენს თავს, წარმატების კარი ჩაკეტილია ისევე, როგორც „სპარის“ კონსულტანტებისთვის – მაღაზიის კარი, კომენდანტის საათის დროს.

სერვისის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ამერიკელებს თუ ქართველებს, შრომა არ ეთაკილებათ. მათთვის არც სიზარმაცეს დაურევია ხელი. სიმართლე ისაა, რომ ბოლო ათწლეულებში კაპიტალი უფრო და უფრო გაძლიერდა, უთანასწორობა 1%-სა და 99%-ს შორის უფრო და უფრო გაიზარდა, მშრომელმა კლასმა უფრო და უფრო დაკარგა სოციალური დაცვის მექანიზმები, უფრო და უფრო რთული მოსაპოვებელი გახდა საბაზისო საჭიროებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, საცხოვრისი, განათლება.

ბევრი ახალგაზრდა ამერიკელი აცნობიერებს, რომ წარმატება, რომელზეც ესაუბრებოდნენ, ყველაზე კარგ შემთხვევაში ილუზია იყო, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი – თავად მჩაგვრელად გახდომა. იმედი მაქვს, რომ თანდათან მეტი და მეტი ქართველი ახალგაზრდა გააცნობიერებს იმავეს. შეუძლებელია, იყო წარმატებული სისტემაში, რომელიც ბევრი არაფრით განსხვავდება იმ მონობისგან, რომელზეც ისტორიის წიგნები გვიყვება. მე არ მჯერა ასეთი წარმატების. მჯერა, რომ ან ყველანი ერთად ვიქნებით წარმატებული თანასწორობისა და სამართლიანობისკენ სწრაფვაში, ან, უბრალოდ, მჩაგვრელ-ჩაგრულის სპექტრზე მიგვიჩენს ისტორია ადგილს.

მშრომელთა ორგანიზება არასოდეს ყოფილა ისეთი კრიტიკული, როგორიც დღეს, როცა მრავალი ადამიანისთვის, საქართველოში და გლობალურად, ღირსეული ცხოვრების კარი ჩაკეტილია. ჩაკეტილ კარს მხოლოდ მძლავრი სოციალური მოძრაობები გააღებს.