ღამის ცვლის თანამშრომლები რჩებიან მაღაზიაში და აწესრიგებენ დილისთვის - „სპარის" განმარტება

პუბლიკა

„ღამის ცვლის თანამშრომლები მაღაზიის დახურვის შემდგომ რჩებიან მაღაზიაში და აწესრიგებენ მაღაზიას დილით გახსნისთვის”, – განუცხადეს „პუბლიკას” სუპერმარკეტების ქსელ „სპარში”.

„პუბლიკის” შეკითხვაზე, რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა, არის თუ არა უზრუნველყოფილი დასვენების, დაძინების, პირადი ჰიგიენის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ „ღამის საათები არის ანაზღაურებადი და მოქმედებს ყველა ის პირობა, რაც მაღაზიის 24-საათიანი მუშაობის დროს იყო“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ღამის ცვლის თანამშრომელი მოდის საღამოს 19:00 საათზე და მიდის დილის 09:00 საათზე. ტრანსპორტირებას ანაზღაურებს კომპანია. მათივე თქმით, „სპარის“ ყველა ფილიალი მუშაობს 06:00-დან 21:00 საათამდე.

„პანდემიის დაწყებამდე, მოგეხსენებათ, „სპარი“ 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდა მომხმარებელს. საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების შემდგომ კი შეგვეზღუდა სამუშაო საათები. ამ ნაბიჯით კი, ერთი მხრივ, მომხმარებელს მივეცით საშუალება, სრულად ესარგებლათ ვაჭრობისთვის ნებადართული დროით და, მეორე მხრივ, შევინარჩუნეთ 670 სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, ბევრს ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. იმედი გვაქვს, ეს არასაკმარისი ინფორმაციის ფლობის გამო იყო. ჩვენ შევინარჩუნეთ ღამის ცვლის დიდი ნაწილი, რომელთაც ჩვეულებრივ უწინდელივით ვუნაზღაურებთ სამუშაო საათებს“, – გვპასუხობენ კომპანიაში.


სუპერმარკეტების ქსელმა „სპარმა“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საამუშაო საათები 6:00-21:00-საათამდე განსაზღვრა. ამის შესახებ ისინი facebook-გვერდზეც წერენ.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სამუშაო საათები 6:00-21:00-სთ-მდე გაიზარდოს, რაც ჩვენს მომხმარებელს, მისცემს შესაძლებლობას, სრულად ისარგებლონ არასაკომენდანტო დროით”, – წერს „სპარი”.

ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათის მიხედვით, ქუჩაში გასვლა საღამოს 9 საათიდან დილით 6 საათამდე იკრძალება, შესაბამისად, „სპარში” სამუშაო საათების დასრულების შემდეგ უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი და თანამშრომლები მაღაზიაში რჩებიან.