ენმ: გოგავა და ყურაშვილი „ოცნების" კომისიის სხდომაზე წარდგებიან პარტიული აფილაციის გარეშე

პუბლიკა

დღეს, 27 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტის  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია” 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს, სამხედრო ექიმ ლაშა ქოიავას, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე შალვა ჯანაშვილს, ყოფილი სამხედრო მეთაურს, გენერალ-მაიორ ზაზა გოგავას და გენერალ მამუკა ყურაშვილს მოუსმენს. ყურაშვილი  2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი იყო.

გოგავა და ყურაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან.

სხდომის დაწყებამდე პარტიამ განაცხადა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა „გააცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში”.

სწორდ ამიტომ, ენმ-ის განცხადებით, ისინი კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ.

„გენერალი გოგავა და გენერალი ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ატარებს 2008 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელს რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში და ამიტომაა, რომ გენერლებს დღემდე რუსეთის ფედერაცია დევნის.

საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს”. – აცხადებს ენმ და მიუთითებს, რომ სწორედ „ამ გამარჯვების გადახედვაა „ქართული ოცნების” მთავარი მიზანი”.

პარტია ასევე აღნიშნავს, რომ გოგავამ და ყურაშვილმა პოლიტსაბჭოს 18 თებერვლის სხდომაზევე დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა „პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში”.

„რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილაციის გარეშე”. – აცხადებს ენმ.