ენმ-ის მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი პარტიულ თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი პოლიტიკურ თანამდებობებს ტოვებს, თუმცა ისინი პარტიის წევრებად რჩებიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, გიორგი პატარაიამ. ასევე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა გიორგი კირთაძემ.

„აქტიურ პოზიციებზე, პარტიის მართვაში აღარ ვიქნებით. გადაწყვეტილებებს აღარ მივიღებთ. ვიქნებით როგორც წევრები, თუმცა ძალიან ინტენსიურად ჩავერთვებით პარტიის ღონისძიებებში. ახლა წარსულზე ლაპარაკის დრო აღარაა. გვყავს გამარჯვებული გუნდი, გამარჯვებული თავმჯდომარე, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ პარტიის წარმატება და სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა, პარტიის უკვე ყოფილმა პოლიტიკური მდივანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაცო მდივნის, ბაჩო დოლიძის თქმით, თანამდებობას თმობს იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვებულ კანდიდატს მენეჯმენტში თავისი გუნდის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, – აღნიშნა მან.

თანამდებობა დატოვა, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამ.

„რა თქმა უნდა, იმ პარტიაში ვრჩები, რომელშიც მოვედი 2001 წელს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს პარტია.  წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულ კანდიდატს“, – თქვა მან.


„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ის პარტიას არ დატოვებს, თუმცა პოლიტსაბჭოს არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ბათუმში ენმ-ის ორგანიზაციაში გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. ისინი არჩევნებში ნიკა მელიას გულშემატკივრობდნენ. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში გიორგი კირთაძე პარტიის გენერალური მდივანი უნდა გამხდარიყო.


პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა და კენჭისყრა დღეს დილით 10 საათზე შეწყდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით წარმოებდა. დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.