„მიუხედავად შრომის სამინისტროს დაგვიანებული ინიციატივისა და დარეაგირებისა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლევს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობას, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება“, – ამის შესახებ განცხადებას „ღირსეული შრომის პლატფორმა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები და პანდემიურ მოცემულობაში ისინი დაუცველები აღმოჩდნენ.
მათი თქმით, „პროფკავშირების ახალი გაერთაინების“ მონაცმებით სამუშაო მოვალეობის შესრულებისას კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ექთანი და დასახელებული რიცხვი, მხოლოდ მათ ბაზაზე არსებულ მონაცემებს ასახავს.
„სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, რომლებიც წლების მანძილზე ორიენტირებული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურების საჯარო სიკეთიდან ბიზნესის მოგების ლოგიკაზე გადაყვანაზე, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა საკადრო და შრომის პოლიტიკაში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, დამოუკიდებელი პროფკავშირის – „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის თანახმად, საქართველოში ექთნების საშუალო ხელფასი 250 ლარიდან 508 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც არასაკმარისია ექთნების ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, რის გამოც მათი უმეტესობა იძულებულია შეთავსებით იმუშაოს რამდენიმე ადგილას.
„პანდემიის რეჟიმში კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა 76-92 საათამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება შრომით კანონმდებლობით ნორმირებულ სამუშაო რეჟიმს. ამავდროულად, პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან, 15-24 პაციენტამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებით ექთნისა და პაციენტის რაოდენობის ზღვრულ თანაფარდობას“,- წერია გავრცელებულ განხცადებაში.
განხცადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების რამოდენიმე თვის დაგვიანებით ან ნაწილობრივ ჩარიცხვა, რაც ხელფასის მოპარვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
„ექთნების უმრავლესობა (გამოკითხულთა 65.8%) მიუთითებს, რომ მათ საერთოდ არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს. ასევე, ექთნების ნაწილი მიუთითებს, ანაზღაურებადი შვებულებისა და ბიულეტენის პერიოდში ანაზღაურების არ გადახდის შემთხვევებზე. ზოგიერთ კლინიკაში, ფიქსირდება ასევე Covid პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაფინანსების არასათანადოდ გადანაწილება, რის გამოც მიღებული დაფინანსებიდან თანხა ექთნებამდე არ მიდის და მათ შრომით ანაზღაურებაზე არ აისახება.[2]“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ერთად, პანდემიის რეჟიმიდან გამომდინარე ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობის პროპორციულად ექთნებს შეუმცირდათ ცვლებს შორის დასვენების დრო და ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ კუთვნილი შესვენების დროით.
ამთი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები ხელს უშლიან სამუშაო ადგილზე პროფესიული კავშირების საქმიანობას, დევნიან და აშინებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად საუბრობენ მძიმე შრომით პირობებზე ან/და ახორციელებენ პროფკავშირულ საქმიანობას.
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ მოითხოვს:
- სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზურნველყოფს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას.
- სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში;
- დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხდეს მათი კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შევებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
- სახელმწიფომ განისაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.
- საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეწყვიტოს მშრომელების პროფკავშირული ნიშნით დევნა და დაშინება.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:
- ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“