219 ლარი ძალიან დაბალია და ის უტოლდება დანაშაულს - მინისტრი ექთნებისა და სანიტრების ხელფასებზე

პუბლიკა

„219 ლარი არის ძალიან დაბალი ხელფასი და ის თითქმის უტოლდება დანაშაულს“, – ასე უპასუხა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა კოვიდკლინიკებში ექთნებისა და სანიტრების დაბალ ხელფასს.

ჟურნალისტის თქმით, მინისტრის ინიციატივას ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის შესახებ სოციალურ ქსელში მოჰყვა ექთნებისა და სანიტრების გამოხმაურება. მათი თქმით, მაშინ, როდესაც კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის, ექთნებისა და სანიტრების ხელფასი შეადგენს 219 ლარს, უმჯობესი იქნებოდა ლატარიის გამოცხადების ნაცვლად, მათი შრომა დაფასებულიყო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდკლინიკების პერსონალის არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია სწავლობს  2 კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის შემოსული განცხადება. მისი თქმით, შესწავლის შემდგომ გაიცემა რეკომენდაციები.

„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომითი ინსპექცია სწავლობს დღესდღეობით 2 კლინიკას, საიდანაც არის შემოსული განცხადება. დამატებითი 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის. გასცემს ის შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დანამატი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა სამედიცინო პერსონალს. 219 ლარი არის ძალიან დაბალი ზღვარი და ის თითქმის უტოლდება დანაშაულს“, – განაცხადა მინისტრმა.