ექთნების შრომა კორონავირუსამდე და დღეს

ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით – არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის – ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.

ჩვენი რესპონდენტი, პირობითად მარიამი, მეოთხე წელია ექთნად მუშაობს. მისივე თხოვნით, მის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს არ ვასაჯაროებთ. იმ ექთნებს, რომლებსაც „პუბლიკა“ დაუკავშირდა, რათა როგორც პანდემიამდე, ასევე კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში თავიანთი შრომითი პირობების შესახებ ეამბოთ, ან საერთოდ თავი შეიკავეს საუბრისგან, ან საჯაროდ საუბარი არ ისურვეს. მათ შორის იყო მარიამიც.

მას შემდეგ, რაც კლინიკა, სადაც მარიამია დასაქმებული, პანდემიის გამო ცხელების ცენტრი გახდა, მისი სამუშაო გრაფიკი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის სტუდენტია, დღის განმავლობაში დროს სწავლას უთმობს, საღამოობით კი საავადმყოფოში მორიგეობს. გვიყვება, რომ ჩვეულებრივ მისი სამუშაო რეჟიმი ოთხ დღეში ერთხელ 16-საათიანი დატვირთვით მორიგეობას გულისხმობს, სადაც ცვლაში 4 მედდა და ერთი სანიტარი მუშაობს. საშუალოდ თითო ექთანს მაქსიმუმ 4 პაციენტზე ზრუნვა უწევდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრი გახდა, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისევე, როგორც მათი სამუშაო დატვირთვა. ახლა 6 ექთანი ორ დამხმარესთან ერთად ორი კვირის განმავლობაში კლინიკაში მორიგეობს. მომდევნო ორი კვირა კი საკარანტინო ზონაშია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის შესაძლო გავრცელების რისკი.

„ეს დიდი სტრესია, ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩაკეტილი ხარ, ვერსად გადიხარ, ძალიან რთულია. ამას ემატება უძილობა, ყოველდღიურად პაციენტების მზარდი ნაკადის მომსახურება. ყველას რაღაცა სჭირდება, ამიტომაა დაძაბული რეჟიმი. რთული სამუშაოა, თუმცა სამი ექთანი ვუმკლავდებით“, – გვიყვება მარიამი და ამბობს, რომ ჩვეულებრივ მისი ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია, გაზრდილი დატვირთვის პირობებში კი ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდა.

კოვიდინფექციასთან ბრძოლის კვალდაკვალ სამუშაო დატვირთვა განსაკუთრებით გაეზარდა იმ მედპერსონალს, რომლებიც COVID-19-ის მიმღებ კლინიკებში ბოქსირებულ განყოფილებებსა და ცხელების ცენტრებში არიან დასაქმებულნი. ქვეყანაში, დედაქალაქსა და რეგიონებში 11 კლინიკაა მობილიზებული კოვიდინფექციით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა თბილისში მდებარე კოვიდინფექციით დაავადებული პაციენტების მიმღებ კლინიკებს, რათა გაერკვია, როგორი იყო და როგორ შეიცვალა იქ დასაქმებული ექთნების შრომის პირობები და ანაზღაურება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ქვეყანაში კოვიდინფექციის დადასტურების პირველივე დღეებიდან ჩართულია ვირუსთან ბრძოლაში. ჩვეულებრივ, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 8 ექთანი მუშაობს. სულ 4 ბრიგადაა, რომლებსაც ყოველ მეოთხე დღეს უწევთ მორიგეობა. მას შემდეგ, რაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ცვლების ინტენსივობა არ შეცვლილა, თუმცა თითო ბრიგადას ექთანი და სანიტარიც დაემატა.

როგორც ამ განყოფილების უფროსი ექთანი, მანანა გვახარია გვიყვება, ექთნები კლინიკის სხვა განყოფილებიდანაც დაემატნენ. იმ შემთხვევისთვის თუკი პაციენტების ნაკადი კვლავ გაიზრდება, კლინიკას აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ სხვა განყოფილების ექთნები დაიხმარონ. ის ასევე გვეუბნება, რომ სამუშაო დატვირთვის პარალელურად გაიზარდა  ექთნების შრომის ანაზღაურებაც. მაგალითისთვის გვეუბნება, რომ თუკი აქამდე 24-საათიანი მორიგეობისთვის 50 ლარამდე თანხა იყო განსაზღვრული, ხოლო 18-საათიანი მორიგეობისთვის 38 ლარამდე, ანაზღაურება თითქმის გაორმაგდა.

ამავე ინფორმაციის მიღება ვცადეთ კოვიდინფიცირებულების მიმღები თბილისში მდებარე კიდევ სხვა ორი კლინიკიდანაც, კერძოდ, რესპუბლიკური საავადმყოფოდან და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული კლინიკებიდან არ მოგვაწოდეს, რაც მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, დასაქმებულების შრომითი პირობებისა და ანაზღაურების კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით ახსნეს.

 

 

„გამოწვევა, როემლსაც ჯანდაცვის უწყება უნდა გაუმკლავდეს“

ჯანდაცვის უწყებაში მიიჩნევენ, რომ დღესდღეობით ექთნების საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მწვავედ დღის წესრიგში კადრების დეფიციტი დგას. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელებას იმ ნიშნულისთვის არ მიუღწევია რომ ექთნების დეფიციტი შექმნილიყო, ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი შეიძლება  ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოწვევად მივიჩნიოთ, რომელსაც ჯანდაცვის უწყება უნდა გაუმკლავდეს.

ადამია გვესაუბრება იმ ძირითად ღონისძიებებზე, რომლებიც ჯანდაცვის უწყებამ სწორედ იმის პრევენციისთვის დაგეგმა, რომ ექთნების რესურსი მაქსიმალურად დაზოგილიყო და მინიმუმამდე დასულიყო მათი ინფიცირების რისკი.

კერძოდ, სახელობითად იდენტიფიცირებული კოვიდინფექციის მქონე პაციენტების მიმღები კლინიკების არსებობა, ამ კლინიკების პერსონალისთვის ინფექციის კონტროლის, ინფექციის გავრცელების პირობებში თავდაცვისა და პაციენტების მოვლის შესახებ სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ორგანიზება; გზამკვლევები და პროტოკოლი, რათა სწორად მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარება და ინფექციის შიდა გავრცელების პრევენცია. გარდა ამისა, ადამიას თქმით, ადამიანური რესურსის დაზოგვას ისახავს მიზნად კლინიკების დონეზე პერსონალის შიდა მობილიზების გეგმა, რაც ნიშნავს 14-დღიანი მორიგეობის გრაფიკს და ამავე პერიოდით პერსონალის, ე.წ. ოქროს სტანდარტით ვირუსზე ტესტირებას.

შეკითხვაზე – იმის გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც დაინახა ჯანდაცვის უწყებამ კოვიდინფექციასთან ბრძოლის რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა არსებობს შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მომატების რისკი, ექთნების დეფიციტის პირობებში რა კონკრეტული გეგმა აქვს სამინისტროს? – ეკა ადამია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეიმედებოდეს ექთნების გარკვეული რეზერვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მუშაობაში ჩაებმება. გვიყვება, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზევე ბევრმა ადამიანმა, რომლებიც არ არის დასქმებული და აქვს შესაბამისი განათლება, გამოხატა სურვილი და მზაობა დასაქმებულიყვნენ სხვადასხვა კლინიკაში, თუმცა ამის საჭიროება აქამდე არ დამდგარა.

გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება ძალიან მყისიერად შეიძლება დადგეს, ეკა ადამია ამბობს, რომ სამინისტროში ამ მიზნით შეტანილ განცხადებებს განიხილავენ და საჭიროების შემთხვევაში იარსებებს რეზერვი, რომელსაც გამოიყენებენ.

ექთნების შრომა პანდემიამდე

ქვეყანაში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტად თვალნათლივ, ციფრებით აღწერს „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევა.

კვლევის შედეგები, რომლებიც 10 სამედიცინო დაწესებულების 200 ექთანთან პირისპირ და სატელეფონო ინტერვიუების ანალიზს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ ექთნები ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა ქვეყანაში.

უფრო კონკრეტულად კი გამოკითხულთა თითქმის 85%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, იმ პირობებში, როცა გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს, არ აქვს შესვენების დადგენილი გრაფიკი, არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში.

შედარებისთვის, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ერთი ექთანი საშუალოდ 4-6 პაციენტზე ზრუნავს (დამოკიდებულია განყოფილების სპეციფიკაზე, სადაც ექთანია დასაქმებული), საქართველოში კი ერთი ექთანი საშუალოდ 11 პაციენტზე ზრუნავს. თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური 16, ხოლო მაქსიმალური 24-საათიანი მორიგეობაა. რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ექთნის მიერ გაწეული შრომის ხარისხზე.

„სოლიდარობის ქსელში“ – ორგანიზაციაში, სადაც ექთანთა შრომის უფლებებს იცავენ, ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს ექთნები სამუშაოს დაკარგვის შიშით არიდებენ თავს და სამართლებრივ დავასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებენ, როცა სამსახურიდან ათავისუფლებენ.

ექთნების დეფიციტი და სისტემაში არსებული სხვა გამოწვევები

სტატისტიკის სამსახურის მიერ აღრიცხული ბოლო (2018 წელი) მონაცემებით, ქვეყანაში სულ 31 ათასი ექიმი და 18 ათასი მედდაა.

„გვაქვს მკვეთრად გამოხატული ექიმების სიჭარბე და მკვეთრი დეფიციტი ექთნებისა. საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ 1 ექიმზე არ მოდის 1 ექთანიც კი. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა, იმდენად რამდენადაც ექთანს აკისრია გამოკვეთილად მნიშვნელოვანი როლი ჯანდაცვის სისტემაში“, – გვეუბნება თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და განმარტავს, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი როლის გამო ეს პრობლემა დღის წესრიგში უფრო მწვავედ დადგა კოვიდინფექციასთან ბრძოლისას.

შედარებისთვის კი მაგალითად მოჰყავს გერმანია და ლქსენბურგი, სადაც, პირველ შემთხვევაში, ერთ ექიმზე – 4, ხოლო, მეორე შემთხვევაში, 1 ექიმზე 7 ექთანი მოდის.

აქვე ყურადღებას ამახვილებს მთელ რიგ მიზეზებსა და გარემოებებზე, რომელთა გამოც ქვეყანაში უკვე წლებია ექთნების დეფიციტია:

„ჩვენთან საბჭოთა პერიოდიდან გადმოგვყვა იერარქიული დამოკიდებულება ექიმსა და ექთანს შორის. არა ჰორიზონტალური, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია, არამედ იერარქიული. ექთანი არის იოლი პროცედურების გამკეთებელი და არა აქტიური მონაწილე მკურნალობის პროცესში.

იქ სადაც, ჰორიზონტალური დამოკიდებულებაა, ექთანი ფუნქციურად ბევრად მეტად არის დატვირთული და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას შეუძლია მკურნალობის პროცესის მართვა, შეუძლია დანიშნოს კიდეც მედიკამენტი. ამას იქ ექთანი იმიტომ აკეთებს, რომ მას სათანადო საუნივერსიტეტო განათლება აქვს. ექთნის პროფესია პრესტიჟულია, დაფასებულია და მაღალანაზღაურებადიცაა“.

რატომ არის ქვეყანაში ექთნის შრომა დაბალანაზღაურებადი? – ვერულავა მიიჩნევს, რომ ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მესაკუთრეობის ფორმაა. კერძოდ ის ამბობს, რომ საქართველოში საავადმყოფოების 95% კერძო – მომგებიანია, ხოლო მხოლოდ 5%-ია სახელმწიფოს საკუთრება. საერთაშორისო გამოცდილება კი მესაკუთრეობის ფორმის გაცილებით მრავალფეროვან სახეებს იცნობს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მაღალ კონკურენციას. ეს კი ექთანს საშუალებას აძლევს, აირჩიოს კლინიკა, სადაც მეტად დააფასებენ მის შრომას. ეს არჩევანი კლინიკებისთვის ერთგვარი მინიშნებაა, რომ კონკურენტულ გარემოში ექთანს შესაბამისი ანაზღურებაც მისცეს.

„მაგალითისთვის განვიხილოთ აშშ, სადაც მესაკუთრეობის ფორმა საკმაოდ მრავალფეროვანია: 57% საავადმყოფოებისა კერძო, არამომგებიანია, 22% – სახელმწიფოს საკუთრებაა, 18% – კერძო, მომგებიანია. კერძო, არამომგებიანი საავადმყოფოები საზოგადოების საკუთრებაა და მას საზოგადოების მიერ დანიშნული საბჭო მართავს. მისი მოგება იხარჯება საავადმყოფოს განვითარებაში, იგივე თუნდაც პერსონალის ღირსეულ ანაზღუარებაში“.- მეორე მხრივ, ვერულავა ყურადღებას ამახვილებს შრომის კანონმდებლობაზე, რომლითაც დასაქმებულისთვის, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება დღემდე არ არის უზრუნველყოფილი.

კერძო, მომგებიანი კლინიკა, რომელიც შემოსავლის მიღებაზეა ორიენტირებული და თან არ აქვს ვალდებულება გარკვეული ოდენობის მინიმალური ანაზღაურება შესთავაზოს პერსონალს, ხელფასსაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ანაწილებს.

ვერულავა ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნდამენტური პრობლემები თანმიმდევრულად უნდა მოგვარდეს. ამ გზაზე კი ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი დასაწყისისთვის უნდა იყოს საექთნო საქმის რეგულირება, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს, როგორც ხარისხიანი განათლების შესაძლებლობაზე, ასევე ექთნებისთვის უწყვეტ პროფესიულ განათლებასაც უზრუნველყოფს.

საექთნო განათლებისა და საქმიანობის ერთიან სტრატეგიაზე ჯანდაცვის უწყება გასულ წელს მუშაობდა. ჩარჩო-დოკუმენტი მოიცავს საექთნო საქმის მიმართულებით ისეთი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა: კონკრეტული გეგმა საექთნო საქმის განათლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, საექთნო საქმის რეგულირების საკითხი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზება.

დღეს სამინისტროში განმარტავენ, რომ სტრატეგიაზე დაყრდნობით, კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო შეფერხდა. მასზე კვლავ მუშაობენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის მიიღებს დოკუმენტი დასრულებულ სახეს.

____________________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.