ერდოღანი ამბობს, რომ მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს

პუბლიკა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა სატელეფონო საუბრისას.

ერდოღანმა მაკრონს განუცხადა, რომ მიღწეულია „ისტორიული გარდამტეხი წერტილი“ ომის დასრულებამდე და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

მისი თქმით, თურქეთი მზადაა, ამაში შეიტანოს ყველანაირი წვლილი, რათა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და მუდმივი მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, მათ შორის, უმასპინძლოს მოლაპარაკებებსაც.


ვლადიმერ პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.

პუტინის წინადადება დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თქვა, რომ ეს „პოტენციურად შესანიშნავი დღეა რუსეთისა და უკრაინისთვის!“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ პუტინის წინადადება „პირველი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი“.

პუტინს ზელენსკიმ უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ ის ხვალიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ პუტინის ნათქვამი არასწორად გაიგო და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შედგება, სანამ „კონფლიქტის ძირითად მიზეზებზე“ არ გაიმართება მოლაპარაკება.