უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს პუტინის წინადადებას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაზე.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ ის ხვალიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
„დადებითი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მთელი მსოფლიო ამას დიდი ხანია ელოდება. და პირველი ნაბიჯი ნებისმიერი ომის ჭეშმარიტად დასრულებისთვის არის ცეცხლის შეწყვეტა.
აზრი არ აქვს მკვლელობის გაგრძელებას თუნდაც ერთი დღით. ჩვენ ველით, რომ რუსეთმა დაადასტუროს ცეცხლის შეწყვეტა — სრული, ხანგრძლივი და საიმედო — ხვალ, 12 მაისიდან და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის“, — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
გუშინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.
პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მიმართული იქნება ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და „გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობის“ აღდგენაზე.
პუტინის განცხადებას წინ უძღოდა ევროპელი ლიდერების მოწოდებები ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე, რომლის მიუღებლობის შემთხვევაშიც, პუტინს უფრო მეტ სანქციას დაუწესებდნენ.
თუმცა, პუტინმა უარყო, რომ მისი წინადადება იყო შედეგი „ზოგიერთი ევროპული ძალისა, რომ ულტიმატუმები წამოეყენებინათ“.
პუტინის წინადადება დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თქვა, რომ ეს „პოტენციურად შესანიშნავი დღეა რუსეთისა და უკრაინისთვის!“
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ პუტინის წინადადება „პირველი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი“.
მისი თქმით, „ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უნდა უძღოდეს წინ“ და პუტინი დროის მოგებას ცდილობს.