ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო - პროფკავშირი

პუბლიკა

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო“, – ამის შესახებ ინფორმაციას „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“ ავრცელებს.

მათი თქმით, 9 ივნისს პროფესიული კავშირის წევრები დამსაქმებელთან კოლექტიური დავის წამოწყების მიზნით ნახევარი საათით შეიკრიბნენ, 14 ივნისს ეროვნულ მუზეუმში შექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა ისინი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. როგორც პროფკავშრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომლებმა გამოიყენეს შეკრებისთვის კუთვნილი შესვენების უფლება და მათი შეფასებით, ახსნა-განმარტების მოთხოვნა, პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელის შეშლაა.

„9 ივნისს პროფესიული კავშირის წევრები დამსაქმებელთან კოლექტიური დავის წამოწყების და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში განცხადების შეტანის მიზნით მუზეუმის წინ 17:00-17:30 საათზე შეიკრიბნენ.

14 ივნისს ახლადშექმნილმა მონიტორინგის სამსახურმა შეკრებილი თანამშრომლების დაბარება და შეკრებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების დაწერა მოთხოვა. ვინაიდან დასაქმებულებმა გამოიყენეს კუთვნილი შესვენების უფლება, შესაბამისად დამსაქმებლის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა, ჩვენი შეფასებით არის პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელის შეშლა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“ მოუწოდებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციას შეწყვიტოს თანამშრომლების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა.


საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრებმა, მუზეუმიდან გათავისუფლებულმა და არსებულმა თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლექტიური დავისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანეს.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება პროფკავშირის წევრები აპირებენ, რომ გაიფიცონ.

მათი მოთხოვნებია:

  1. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად;
  2. გამოფენებისა და საგამოფენო სივრცეებში, ცვლილებების შეტანის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, გამოფენის კონცეფციის ავტორებთან, კურატორებთან, დაცვა აღრიცხვის დეპარტამენტთან, რესტავრატორებთან და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან;
  3. მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100 % -ით;
  4. პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს შრომის კოლექტიური ხელშეკრულება;
  5. დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
  6. მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი აღდგეს პირვანდელ ან ტოლფას პოზიციებზე;
  7. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტების წესი მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან;
  8. საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო პროექტების და საქმიანობის მართვის წესი შემუშავდეს სამეცნიერო საბჭოსთან, კურატორებთან, ფინანსური სამსახურის, კოლექციების დაცვა აღრიცხვისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, წესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევის თავისუფლებისა და კვლევით საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს.
LB loan image desktop LB loan image mobile