აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ობრაიენი პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება და აღნიშნავს, რომ ეს დემოკრატიული არაა.
ამის შესახებ ჯიმ ობრაიენმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე : „ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციური პარტიების აკრძალვა-გაუქმების პირობას დებენ, და მათ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ. როგორ ჟღერს ეს თქვენთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისგან და რას ამბობს მმართველი პარტიის განზრახვებზე?
ობრაიენმა უპასუხა, რომ:
„ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა.“
„ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა”, – ასე აფასებს ბოლო დროს „ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ჯეიმს ობრაიენი, რომელიც მაისში თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ „ოცნება” რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე ნამდვილად არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ამ კანონის ამოქმედებით ერთ-ერთი ის ნაწილი ზარალდება, რომლის გარეშეც არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად ვერ იქნება მიჩნეული. მმართველი გუნდის ნაბიჯები ჯიმ ობრაიენის აზრით, რუსეთს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში უპირატესობის მოპოვებასაც უადვილებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და „როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს”.
კობახიძე ირწმუნება, რომ პოლიტიკური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაშიც იკრძალება და ამას ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს, თუმცა ორივე ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები აკრძალეს.