8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა — შემდეგი სხდომა 24 მარტს დაინიშნა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის: ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ისაკ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ზვიად ცეცხლაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმე არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა.

დღეს, 12 მარტს გამართულ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, საქმეში მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი ალათობის მაღალი სტანდარტით, რაც ადასტურებს დანაშაულის არსებობას. მათი თქმით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს და საქმე არ უნდა გადაეცეს არსებით განხილვას.

პროკურატურის პოზიციით კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი სტანდარდოით ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება.

პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურატურის მიერ რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობა, მათ შორის საუბარია სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებზე. პროკურატურის პოზიციით კი აღნიშნული მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დაცვით იყო მოპოვებული.

ასევე, ზოგიერთი ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობას.

მაგალითად:

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ თქვა, რომ არ მიეცა ჩხრეკის პროცესზე დასწრების საშუალება, სწორედ ამიტომ, ოქმი ვერ უნდა მოხვდეს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში. ჭიკაიძის თქმით, როცა ის ცეცხლაძის სახლში მივიდა, ჩხრეკა 5 წუთის დაწყებული იყო.

პოკურორმა თქვა, რომ ადვოკატი ითხოვდა დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებაში დასწრებას.

„დასწრების შემთხვევაში ის ვერ დაადასტურებდა ის მონაწილეობამდე განხორციელებული მოქმედებების სისწორეს, მანამდე რომელ ოთახებში ჩატარდა ჩხრეკა, ან რა ნივთები იქნა ამოღებული, საიდან, ვინ რა განცხადება გააკეთა და ა.შ”. – თქვა პროკურორმა.

ადვოკატმა კი უპასუხა, რომ შეიძლებოდა, „ოქმში მითითებულიყო, რომ დავით ჭიკაიძე მოვიდა ამა და ამ დროს და მის მოსვლამდე მოვლენები განვითარდა ასე, მოსვლის შემდეგ – ასე”.

„ზვიად ცეცხლაძემ ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმზე, მაგრამ არ მოაწერა ხელი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე. მიზეზი არის ის, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლში განთავსდა ისეთი ნივთები, რომლებიც არ ეკუთვნოდა მას: მოლოტოვის კოქტეილები, ქილები, რომელშიც თითქოს მოთავსებული იყო ზეთი და ბენზინი, ეს ნივთები ზვიადს არ ეკუთვნოდა.

თუ საცხოვრებლის ჩხრეკა მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ობიექტის ამოღებას, რატომ არ იქნა დაშვებული ადვოკატი”. – თქვა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, დავით მგელიაშვილმა ზვიად ცეცხლაძის ჩხრეკის ოქმი დასაშვებ მტკიცებულებად ცნო.

რაც შეეხება ვიდეოებს, რომელთა საფუძველზეც პროკურატურა ირწმუნება, რომ დაკავებულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს – ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ წარმოადგინა მაგალითები, რომ აღნიშნული ვიდეოები ყალბ Facebook-ანგარიშებზეა ატვირთული.

„მაგალითად, ირაკლი მიმინოშვილის ვიდეოს დათვალიერება და გადმოწერა მოხდა პროფილიდან, რომელსაც პირველი პოსტი აქვს 2024 წლის 13 მაისს. არც ერთი ავთენტური ფოტო ამ პროფილზე არ არის. პროფილის სურათი არის კრიშტიანო რონალდოს ფოტოსურათი. შემდეგი სურათი გახლავთ კახი კალაძის და ხამზატ ჩიმაევის ფოტოსურათი, შემდეგი სურათი არის ხამზატ ჩიმაევის და აღწერაში უწერია, რომ ჩიმაევმა კურდღლები დახოცა. ეს არის პროფილი, საიდანაც აიღო პროკურატურამ ირაკლი მიმინოშვილის, მათი ვარაუდით, დანაშაულში მამხილებელი ვიდეო.

გიორგი გორგაძის ვიდეოები დევს ვინმე ბექა კასრაძის პროფილზე. ერთადერთი პოსტი აქვს განთავსებული – ეს ფოტოსურათი და ვიდეო, რომელიც გორგაძეს ასახავს რუსთაველის გამზირზე. სხვა აქტივობა არ არის”. – თქვა შოთა თუთბერიძემ.

შესაბამისად, ადვოკატის განცხადებით, არც ეს ვიდეოები უნდა იყოს პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხაში.

მოსამართლემ აქაც პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბრალდების ეს მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

დავით მგელიაშვილმა დასაშვებად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობებიც.

ამის შემდეგ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლე მგელიაშვილის აცილებაც მოითხოვეს.

ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ თქვა:

„არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მოსამართლის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას – თქვენ მიერ წინა სხდომაზე და დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პატიმრობის ვადის გაგრძელებასა და მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ შექმნა არგუმენტების ერთობლიობა, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ თქვენ, სამწუხაროდ, ვერ იქნებით ობიექტური და მიუკერძოებელი”.

ამ შუამდგომლობას დაეთანხმა ყველა სხვა ადვოკატი და ბრალდებული.

თუმცა, დავით მგელიაშვილმა მის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის აცილების საფუძველი”. – თქვა მოსამართლემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 24 მარტს, 12:00 საათზე დაინიშნა.

8 ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.