ერთი ბოროტება „ალტ-ინფოსგან“ 5 ივლისს გვახსოვს, „ნაცმოძრაობა" ამას კვირაში ერთხელ სჩადიოდა - მდინარაძე

პუბლიკა

„რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი, „ნაცმოძრაობამ“ დაგვიმტკიცა, რომ საშიში და ბოროტი ძალაა და „ალტ-ინფოს“ მთლად იმდენი…“, – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ საქმეს აკეთებენ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას პროდასავლური ეგიდით აკეთებს, ხოლო „ალტ-ინფო“ პირდაპირი დეკლარირებით.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ალტ-ინფოს“ შორის სვამს თუ არა ტოლობის ნიშანს, მაშინ როდესაც „ალტ-ინფო“ ძალადობრივი ჯგუფია. ჟურნალისტმა მას 5 ივლისის მოვლენებიც შეახსენა. მდინარაძე პასუხობს:

„ტოლობის ნიშანს არ ვსვამ, რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი, „ნაცმოძრაობამ“ დაგვიმტკიცა, რომ საშიში და ბოროტი ძალაა და „ალტ-ინფოს“ მთლად იმდენი… 5 ივლისი – ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს „ალტ-ინფოსგან“ და დაისაჯა ასზე მეტი ადამიანი. ზოგი ადმინისტრაციულით და ზოგი – სისხლის სამართლის წესით. 9 წლის განმავლობაში ასე ჩადიოდნენ თვეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ, მინიმუმ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.


პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც მისი ადვოკატი მამუკა მდინარაძე იყო.

მორგოშიას რამდენიმე წლის წინ პირად Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნახსენები იყო, რომ 2006 წელს, როდესაც ბანკში მუშაობდა, მდინარაძეს თავდებში ჩაუდგა, რათა მანქანის შესაძენად სესხის აღება შესძლებოდა.

2019 წელს მორგოშია წერდა, რომ მდინარაძეს 1999 წლიდან იცნობს და რომ ის მისი რაიონის გამომძიებელი იყო. გარდა ამისა, მორგოშია მდინარაძის დაკავების ამბავსაც იხსენებდა.