ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში შეჭრილები, მიკერძოებულები - ღუდუშაური ომბუდსმენობის 3 კანდიდატზე

პუბლიკა

„ძირითადი ნაწილი, ჩემი შეფასებით, ამ კრიტერიუმებთან მიმართებით არის ჩავარდნა, პირდაპირ, ღიად, ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში შეჭრილები, არიან ცალმხრივად მიკერძოებულები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა არასამთავრობოების მიერ წარდგენილ ომბუდსმენობის 3 კანდიდატზე განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, საზოგადოებას არ სჭირდება ასეთი ომბუდსმენი.

დეპუტატი არასამთავრობოების შეთანხმებას „კარტელურ გარიგებას“ უწოდებს და ამბობს, რომ მათ არ სურთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

ალუდა ღუდუშაურის მოსაზრების საპასუხოდ, სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი და სხვადასხვა ორგანიზაცია დისკრედიტაციის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა, თუმცა მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვი არ შეაქვთ საერთაშორისო პარტნიორებს.

დღეს, 29 სექტემბერს სრულდება სახალხო დამცველობის კანდიდატების განაცხადების მიღება.

უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატებად გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე დაასახელეს.