„ეს არც რაიმეს არგებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც რაიმეს აკლებს“ - პაპუაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სანქციები დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილია და საქართველოს ინტერესები არაფერ შუაში არ არის.

დიდი ბრიტანეთმა 31 პირი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებული მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი დაასანქცირა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, არარელევანტურია. პაპუაშვილის თქმით, ეს „ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს“.

„სანქციების დაწესება დიდი ბრიტანეთის საქმე არის და მათი გადასაწყვეტი არის, მათი კრიტერიუმებია. გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც გადაწყვეტილება ჩვენი გადმოსახედიდანაც იყოს სწორი, მაგრამ ის გაფუჭებული საათი, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს სანქციებთან დაკავშირებით, ისევ გაფუჭებულ საათად რჩება. 

ვიტყოდი, არარელევანტური გადაწყვეტილებაა. ეს არც რაიმეს არგებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც რაიმეს აკლებს. ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი. 

და ამის შემდეგ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი? „მი ექვსის“ რაზმი ჩავა ცხინვალში და აიყვანს ვინმეს, თუ რას იზამს? ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. აქ ჩვენ ვართ მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი, ასე ვთქვათ. აქ საქართველო იქნებოდა, სომხეთი თუ ლიეტუვა, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. 

როგორ უნდა უთხრა მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთანაც კონსულტაციებსაც არ გადის ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ ვიღაცა დასამატებელი გვყავს, ხომ უნდა გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია, თუ ჩვენი ინტერესებით მოქმედებენ? მე იმის თქმა მინდა, რომ ეს გახლავთ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ანგარიშსწორების ნაწილი. აქ ჩვენი ინტერესი არავის არ აინტერესებს – არც რაიმეს გაკეთება, არც რაიმეს გაფუჭება. კიდევ ერთხელ, ეს ადამიანები არიან რუსეთში, თავის სახელმწიფოდ მაინც აღიქვამენ რუსეთს, იქ არიან. ეს საკითხი არის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხი. დიდი ბრიტანეთისთვის ჩვენი ინტერესი აბსოლუტურად რელევანტური არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში სანქციები დაუწესა კამბოლოვს, გაგლოევს და 4 პრორუს პირს.

კერძოდ:

ბრიტანული სანქციები შეეხოთ ოკუპირებული ცხინვალის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

სანქციები ორივე მათგანის შემთხვევაში მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა ფინანსურ შეზღუდვებს.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მარატ კამბოლოვმა 2015-2025 წლებში რუსეთის მთავრობისგან სარგებელი მიიღო კურჩატოვის ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობით. ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი რუსეთის ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს და რუსეთის მთავრობასთან არის დაკავშირებული.

ალან გაგლოევი კი, ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს, საიდანაც რუსეთის მთავრობისგან მიიღო სარგებელი და/ან მხარი დაუჭირა მას.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მთლიანობაში, სანქცია შეეხო 31 ადამიანს – კრემლის დეზინფორმაციის ქსელებთან დაკავშირებულ პირებს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებს.

სანქციების სიაში მოხვდა შვიდი ადამიანი, რომლებიც პროკრემლური დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ – მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა: მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე და გიორგი ირემაძე.

სანქციები ამ პირების შემთხვევაშიც მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ამ პირების წინააღმდეგ სანქციების საფუძველი არის მათი სავარაუდო მონაწილეობა იმ პოლიტიკისა და ქმედებების მხარდაჭერაში ან ხელშეწყობაში, რომლებიც, ბრიტანეთის შეფასებით, უკრაინის დესტაბილიზაციას, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის ხელყოფას ან საფრთხის შექმნას ემსახურება.