ეს არის ციფრებით ჟონგლიორობა და თვალებში ნაცრის შეყრა - მელია ეკონომიკურ ზრდაზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ეკონომიკური ზრდის შესახებ.

ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას თავის ჯიბეზე, რადგან მთავრობის განცხადებები მხოლოდ პოპულისტურია.

„ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამტკიცებს დაჟინებით – თუმცა ავიწყდება, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა.

მშპ-ის ერთი პროცენტით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით. 2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი.

ე.ი „ქართული ოცნების“ მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა „ოცნების” პერიოდში იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი.

ეკონომიკა რომ გაზრდილიყო, საშუალოდ, წლიურად 6,24 პროცენტით მაშინ დღეს: საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს. (მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18 ათასი ლარი, ნაცვლად 11 ათასისა). საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674, არამედ 1500 ლარი.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ მინისტრის მორიგი სიცრუა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულნი ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციები დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

გუშინ პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა და ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში.