ეს არის ღამის სასამართლო, ცუდი საქმეები კეთდება ღამ-ღამობით - ანა დოლიძე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მობილიზებულმა პოლიციამ და მანდატურის სამსახურმა არ მისცა საშუალება, რომ მეორე სართულზე ასულიყო.

საქალაქო სასამარლოში ასევე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქით, არც მას მიეცა საშუალება, შესულიყო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან.

ჯანეზაშვილის თქმით, მას კითხვა ჰქონდა თუ რატომ არის სასამართლოში ქაოსი და რატომ არის პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ მოსამართლეს დაეწერა 37  საქმე. მისივე თქმით, მას ასევე არ მიეცა საშუალება, რომ ენახა დაკავებულები, თუ როგორ არიან ისინი და ხომ არ არის პრობლემები მათ უფლებებთან დაკავშირებით.

„ასეთი რამ სასამართლო სისტემაში არავის არ ახსოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის მანდატურს  გადაეღობოს გზა და ძალის მეშვეობით არ გაეშვა კიბეებზე“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ანა დოლიძის შეფასებით, ამ დაწესებულებას დემოკრატიული ქვეყნის სასამართლოსთან არაფერი აქვს საერთო.

„ეს არის ჩინჩალაძის საფეოდალო, როდესაც ხალხის სასამართლო ხარ, პოლიციის ასეთი მობილიზება რა საჭიროა არ მესმის. რა, მოსამართლეები არ არის ამ სასამართლოში? რატომ აბარია ერთ მოსამართლეს ამდენი საქმე და რატომ აყურყუტებს ამდენ ადამიანს დაკავებაში, როდესაც შეიძლება გაუშვას სახლში, გაადანაწილოს საქმეები…

მოსამართლე ელოდება ინსტრუქციას… ეს არის ღამის სასამართლო, რომელიც არის ტიპური ხელწერა მურუსიძე-ჩინჩალაძის სამიანობის. ცუდი საქმეები კეთდება ღამ-ღამობით. ღამის სასამართლო აუცილებელია იმისთვის, რომ აქ არ მოვიდეს ბევრი ხალხი და არ გაშუქდეს ეს პროცესები სათანადოდ. იმიტომ, რომ თავისი შავი საქმეები აკეთონ ღამ-ღამობით. არ შეიძლება, რომ ხვალ ჩატარდეს ეს სხდომები?!”, – განაცხადა ანა დოლიძემ.