ეს არის, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე – თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პლენარულ დარბაზში სუნის გაშვება არის ქიმიური შეტევა პარლამენტარებზე.

„რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში, ეს არის, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ ქიმიური შეტევა პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ  მოწამლულია. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება და გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებშიც. ნაწილს ახლაც უწევენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს ღონისძიებები, თუ რა კვალიფიკაცია მიეცემა მომხდარს.

რა კვალიფიკაცია მიეცემა ამას, შესაბამისი სამსახურების საქმეა. დაწყებულია ღონისძიებები, რომელიც დაადგენს, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული და ვისი მხრიდან. ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებიც, სამწუხაროდ, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზაციის, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაოაბასთან“, – თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომისას დარბაზში გაუშვეს სუნი, რის გამოც  სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და მის გასაგრძელებლად დარბაზი ნიავდება.

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კენჭისყრა უნდა გამართულიყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან 14-ზე იურიდიულმა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია გასცა.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.