ეს არის შერჩევითი სამართალი – ოპოზიციური პარტიები პლაკატების გაკვრისთვის დაჯარიმდნენ

ქრისტინე მუჯირი

გასულ კვირას ოპოზიციური პარტიების – „ევროპული საქართველოს“  „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები საარჩევნო ბანერების გაკვრისთვის დააჯარიმეს, რასაც ადგილზე პარტიების წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პარტიების მიმართ გამოწერილი ჯარიმების საფუძვლად პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლას ხედავენ. მათი თქმით, ეს სანქციები უსამართლო და შერჩევითია.

27 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა. ნადირაშვილის თქმით, რუსთავში პარტიის აქტივისტები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, როდესაც მათთან საჯარო მოხელეები მივიდნენ და ზეწოლას მიმართეს.

„ეს საჯარო მოხელეები იყვნენ აიპ-ის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი არის ბაჩო ხაჩიძე, ხოლო მეორე – ვაჟა კვიჟინაძე. ეს პირები არიან რუსთავის სპორტის აიპ-ის თანამშრომლები. მე არ ვიცი, ზუსტად რა თანამდებობაზე არიან. ამას არ აქვს რაიმე პრინციპული მნიშვნელობა. ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს და არა იმისთვის, რომ იარონ ქუჩა-ქუჩა, გადაუღონ ვიდეოები, ფოტოები ჩვენს აქტივისტებს, დააშანტაჟონ, მოაქციონ ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„პუბლიკა“ ამ საკითხზე დაუკავშირდა რუსთავის მერიას. მათი თქმით, ისინი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსთავის შემთხვევამდე თბილისში 24 და 25 აგვისტოს „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები დაჯარიმდნენ.

„პუბლიკა“ ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ხათუნა გოგორიშვილს, რომელიც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის იერსახის დამახინჯების საფუძვლით დააჯარიმა. როგორც ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, სამართლებრივად, ეს სააგიტაციო მასალა არ შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური აგიტაციის ნიმუში და იმავე სახის მასალად (სხვადასხვა შინაარსის განცხადება, პლაკატები) შეიძლება ჩაითვალოს, ქალაქში რომ არის მრავლად გამოკრული.

„შემიძლია, კონკრეტული ადგილებიც დავასახელო, სადაც ძალიან მრავლადაა სხვადასხვა შინაარსის  განცხადება გამოკრული. განსაკუთრებით, სამშენებლო ღობეებსა და ისეთ ადგილებზე, რომლებიც კერძო საკუთრება არ არის“, – ამბობს ის.

გოგორიშვილის თქმით, პოლიციას რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ ადგილზე მისულიყო, გამოეძახებინა ზედამხედველობის სამსახური და ჯარიმა გამოეწერა.

„მეც მივიღე ჯარიმა. ჩვენ პლაკატს ვაკრავდით იუსტიციის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, სადაც ერთი უსახური კედელია და სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის განცხადებაა გაკრული. ჩვენ დაგვაჯარიმეს პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით. რა უნდა დავარქვა ამას? პირველი – საქმე არ აქვთ.იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა თბილისში და ზედამხედველობის სამსახური და პოლიცია რომ ამაზე ცდება, მე არ მგონია, რომ ასეთი ოპერატიულობით ებრძვის პოლიცია კრიმინალს, როგორც ჩვენს პლაკატებს. იმიტომ, რომ 11 წუთი დასჭირდათ ორთაჭალაში მოსასვლელად. შემდეგ 16 წუთში კიდევ ზედამხედველობის სამსახური იყო ადგილზე. თბილისში ძალიან ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ასეთ ოპერატიულობას არ იჩენენენ“, – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, პოლიციას და ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს შესაბამისი ინსტრუქცია, თუ რას ნიშნავს პლაკატის გაკვრა, ისინი ვერ ასაბუთებენ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას.

„ეს არის შერჩევითი სამართალი. ვიღაცისთვის შეიძლება და „ევროპული საქართველოსთვის“ არ შეიძლება. მეორე ეს არის ხელშეშლა პოლიტიკურ საქმიანობაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა“, – ამბობს გოგორიშვილი.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიაში გაასაჩივრა ჯარიმები. გადაწყვეტილება ერთ თვეში გახდება ცნობილი, იმ შემთხვევაში კი, თუ თბილისის მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მისი თქმით, სასამართლოს მიმართავენ.

„თბილისის იერსახის დამახინჯებისთვის არის ეს სანქცია. ძალიან საინტერესოა, ვინ ჰყავს კიდევ დაჯარიმებული. ჩვენ მივუთითეთ კონკრეტული მისამართები და ადგილები, სადაც ასევე იყო გაკრული განცხადებები და პლაკატები. თუ ინებებს ბატონი კალაძე, მოგვაწოდოს ინფორმაცია, ვის მიმართ გამოიყენეს ანალოგიური სანქცია, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დაჯარიმდა, „სტრატეგია აღმაშენებელია“. პარტიის წარმომადგენლები სამშენებლო ღობეზე საარჩევნი პლაკატებს აკრავდნენ, როდესაც პოლიციამ დააჯარიმა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გარდა შერჩევითი სამართალისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლისა, პოლიციას აქტივიტების მისამართით ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის ერთ-ერთი აქტივისტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია საჯარო გახადა, მისი დაშინების მიზნით.

„ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტზე მიმართავდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ეს გადაღებულია, რაც გაეგზავნა თვითონ შსს-საც. ის [პატრულის ოფიცერი] ეუბნებოდა ჩვენს აქტივისტს, რომ ჩატენიდა მანქანაში, მიმართავდა უშვერი სიტყვებით. მერე ეუბნებოდა, რომ ის ძებნილია, რაზეც ამ ადამიანმა დიდი სტრესი მიიღო. ჩვენი აქტივისტი ეკითხებოდა, თუ რატომ არის ძებნილი ან, თუ ძებნილია, მაშინ აქამდე სად იყვნენ. შემდეგ ეს პოლიციელი ჩვენს აქტივისტს ალაპარაკებს ვიღაცას, ძველი თბილისის რაიონული განყოფილების გამომძიებელს. ეს გამომძიებელი ამბობს, რომ მას აქვს დავალიანება, 7-8 წლის წინანდელი, რამდენიმე ასეული ლარი და აღსრულების ბიუროში უნდა გამოცხადდეს. კიდევ უფრო დიდი დარღვევა, შანტაჟთან ერთად, პატრული ახორციელებს ზეწოლას და იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ არ უნდა ჰქონდეთ. პატრული როდიდან გახდა 7-8 წლის წინანდელი ვალის ამომღები. რამდენიმე უხეში დარღვევა ფიქსირდება და მათ შორის პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება“, – თქვა სერგო ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ეს არის ტიპური ზეწოლა არამარტო მათი პარტიის, არამედ ზოგადად ყველა ოპოზიციური პარტიისა და აქტივისტების მისამართით. მისი თქმით, ეს იყო არაპირდაპირი გზავნილი, რომ თითქოს მათ ყველაფერი იციან.

„დაშინების პოლიტიკაა არა მარტო ჩვენს მიმართ, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების მიმართ, რომ ისინი ყველაფერს ამოქექავენ, რომ ყველაფერი იციან და რომ მოახდენენ ზეწოლას, არაპირდაპირი გზავნილია“, – თქვა სერგო ჩიხლაძემ „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები გადაგზავნილია შსს-ში. გარდა ამისა, ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ქალაქში პოლიტიკური შინაარსის უზარმაზარი ბილბორდებია გამოკრული, პლაკატების ჩამოხსნა და პარტიის დაჯარიმება შერჩევითი სამართალია.

 

ასევე დაჯარიმდა პარტია „გირჩი“. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გირჩის“ წევრი მირიან ბეჟიტაშვილი რუსთაველის თეატრთან მდებარე დროებით სამშენებლო ღობეზე „გირჩის” სტენსილის დახატვისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს.

„ჩვენმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად მეორე დღესვე სამშენებლო ღობეზე 25-მდე სტენსილი დახატეს“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ლელა ხათრიძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტები გამოყოფენ ადგილებს და სტენდებს, სადაც პლაკატების გაკვრა იქნება შესაძლებელი და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მანამდე კი, თუ მუნიციპალურ შენობებზე იკვრება სააგიტაციო მასალა, სანამ ეს ნებადართული იქნება, მუნიციპალიტეტები აპელირებენ, რომ ეს არის ქალაქის იერსახის დამახინჯება, რის საფუძველზეც აჯარიმებენ სუბიექტებს. თუმცა ლელა ხათრიძე აღნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ კარგად დასაბუთებული თავიანთი გადაწყვეტილება.

„ასეთ შემთხვევაში, ხშირად მუნიციპალიტეტი აპელირებს, რომ ვინაიდან არ გამოუყვიათ ჯერ შენობა-ნაგებობები, სადაც შესაძლებელია პლაკატის გაკვრა, ეს არის ქალაქის ეირსახის დამახინჯება და აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 (2) მუხლის მიხედვით. ამ დროს მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა დაასაბუთოს, რატომ აჯარიმებს პარტიას, რაში გამოიხატებოდა ქალაქის იერსახის დამახინჯება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით დატოვეს სხვა შინაარსის შემცველი პლაკატი, უნდა დაასაბუთონ, ის რატომ არ ამახინჯებს ქალაქს და რომელიც დაჯარიმდა, რატომ ამახინჯებდა. დაჯარიმებულ სუბიექტს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში“, – განუცხადა ISFED-ის წარმომადგენელმა „პუბლიკას“.

„პუბლიკამ“ მიმართა თბილისის მერიას შეკითხვით, თუ რის საფუძველზე და რამდენი პარტია დაჯარიმდა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მუხლის მიხედვით.

მერიამ ამ საკითხზე მხოლოდ წერილობით გვიპასუხა, რომ თბილისის მერია მოქმედებს კანონის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრამდე 60 დღით ადრე. მათი თქმით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.