„ეს ფულის ტყუილად გადაყრაა. ნდობას ეს პროცესი არ იწვევს" | სამინისტრომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების ანალიზისთვის კომპანია შეარჩია

პუბლიკა

CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP (CMS) – ესაა კომპანია, რომელზეც იუსტიციის სამინისტრომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად შეარჩია.

როგორც „პუბლიკას” სამინისტროში განუცხადეს, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არჩევანი კი CMS-ის მიერ დასახელებული მნიშვნელოვნად განსხვავებული დაბალი ფასის შესაბამისად გაკეთდა. უწყების ცნობით, ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს კომპანია CMS-ის ლონდონის ოფისის გუნდი ასრულებს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მომსახურების ღირებულება 224 000 ლარია. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება აგვისტოში გაფორმდა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირობებით, ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ სამუშაოს 45 კალენდარულ დღეში შეასრულებენ.

შეთანხმების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულებას განიხილავენ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით (FIDIC-თან მიმართებით) და იმუშავებენ ადგილობრივ კონსულტანტებთან, რათა გადამოწმდეს შეთანხმების შესაბამისობა ქართულ კანონებთან.

შეთანხმების მიმოხილვაში ასევე გათვალისწინებულია სამინისტროსთან შუალედური დასკვნის წარდგენა, მათგან კომენტარების მიღება და დასკვნების განახლება საბოლოო ანგარიშისთვის.


ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახლა შესწავლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის 24 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დიალოგში ჩასართავად რამდენიმე წინაპირობა წამოაყენებს. ამ პირობებზე პასუხად კი მთავრობის ადმინისტრაციამ რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო:

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ითქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაბამისი დასკვნა თავად ერთხელ უკვე მომზადებული აქვს. შეფასება 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი საკითხების გარდა, მედიაციის ფარგლებში ასევე გაკეთდება, ე.წ. კომერციული შეფასება, რაც ხელშეკრულებისა და ინვესტორის შერჩევის საკითხებს შეისწავლის. ძირითადი მიმართულებებია – კომპანიის შერჩევის პროცესის, ასევე, გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასში სახელმწიფო დახმარების კომპონენტის შეფასება. ამ შეფასებას ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ადამიანური და ფინანსური რესურსით თავად უზრუნველყოფს. მხარეებთან წინასწარვე შეთანხმდა ტექნიკური დავალება, ანუ ჩარჩო-მიმართულებები, რის საფუძველზეც მომზადდება რევიზია.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ისინი იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით მომზადებული დასკვნის მიმართ უნდობლად არიან განწყობილი. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ კომპანიის წინაშე ბუნდოვანი და ზოგადი მოთხოვნებია დაყენებული.

„ჩემი აზრით, ეს არის ფულის ტყუილად გადაყრა. ნდობას ეს პროცესი არ იწვევს, ვისთვის უნდა გაკეთდეს ეს დასკვნა, არავინ იცის, რა მიზანს ემსახურება, ეგეც ვერ გავიგეთ. ერთხელ თავად უკვე მომზადებული აქვს სამინისტროს დასკვნა… ამ უცხოურ კომპანიას რასაც სთხოვენ, ძალიან ზოგადია – რომელი საერთაშორისო სტანდარტი იგულისხმება? არსებობს კონკრეტული ტექნიკური დავალება, რომლის თანახმადაც შეფასებას აკეთებს ენერგეტიკული  გაერთიანება – ძალიან კონკრეტული, წინასწარ შეთანხმებული დავალებაა. და რაც მთავარია, ამ პროცესში ასევე ჩართულია სახელმწიფოც. ამიტომაც, გაუგებარია, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე შეფასება რაღას ემსახურება, ერთი და იმავე საკითხის ამდენჯერ შეფასება…”, – ამბობს დათო ჭიპაშვილი.

როგორ ასაბუთებს სამინისტრო ხელშეკრულების ხელახლა შეფასების საჭიროებას?

„ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ჰესის ხელშეკრულების პირობები. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა შეჩერდეს. პროექტის შეჩერება კი მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით.

ამდენად, „ნამახვანჰესის” პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება”, – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.