ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესწავლისთვის სამინისტრო 70 800 დოლარის დახარჯვას გეგმავს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით იუსტიციის სამინისტრო იურიდიული მომსახურებისთვის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მომსახურება 70 800 აშშ დოლარით დაფინანსდება.

პროცედურის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვისთვის უწყებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადების განხილვის საბოლოო ვადა 2 ივლისია.

თანხმობის მიღების შემდგომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო საერთაშორისო იურიდიულ კომპანიასთან გაფორმდება იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და ზემოთ მითითებულ ვადებში შესრულდება ნაკისრი ვალდებულებები. ინტერესთა გამოხატვა სამინისტრომ 27 მაისს გამოაცხადა.

სამინისტროს თქმით, დაგეგმილი ღონისძიება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, რომელიც მოიცავს პერიოდს არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე.


ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახლა შესწავლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის 24 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დიალოგში ჩასართავად რამდენიმე წინაპირობა წამოაყენებს. ამ პირობებზე პასუხად კი მთავრობის ადმინისტრაციამ რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო:

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაბამისი დასკვნა მომზადებული აქვს. შეფასება 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

როგორ ასაბუთებს სამინისტრო ხელშეკრულების ხელახლა შეფასების საჭიროებას?

იუსტიციის სამინისტრო შესყიდვის დოკუმენტაციაში წერს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების პირობები. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა შეჩერდეს; პროექტის შეჩერება კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, როგორც სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ისე სამომავლოდ ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განვითარების კუთხით.

„ამდენად, ნამახვანჰესის პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება”, – წერს სამინისტრო.