„ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, პარლამენტისთვის“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

ქალი დეპუტატების მიმართ „ქართული ოცნების” წევრების მხრიდან შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტი გმობს და ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს. ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სიტყვები, რომელიც სხდომათა დარბაზში ისმოდა, მთელ პარლამენტს შეურაცხყოფს.

„მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს, „ოცების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას.

პარლამენტის თავმდჯომარეს მათთვის მიკროფონი არ გაუთიშავს.