ეს პროცესი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას - ბოკერია პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

„ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც დაუკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას, ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მათ ეროვნული თანხმობის შესახებ ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, „უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო და ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ზოგადად რაიმე სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზე თანხმობაც გაჭირდება”.

„ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს [მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს]. ძალიან მიკვირს იმათი, ვინც გააკეთა ისეთი განცხადებები, რითაც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც ამ წამს არის ქვეყანა. ეს ასე არ არის.

ეს არის [პრეზიდენტის ინიციატივა] გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის, თუ სწორად გავიგე, დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკა, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს.

ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს, მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს, შეუძლებელია, თუ მათი იძულება არ მოხდა. მათი იძულება კი უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით…”, – განაცხადა ბოკერიამ. 

დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ასევე შეხვდა „ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს სურვილი, დააინიციიროს პროცესი, რომელიც კონსენსუსის ძიებას შეუწყობს ხელს, „იმასთან დაკავშირებით, რაც 30 წელია, ერთ წრეზე გვატრიალებს”.

მისი გადმოცემით, პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა, რათა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე იყოს გადაწყვეტილი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.