ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს - მარგველაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

დღეს საარჩევნო უბანზე მისულ მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს – შექმნილი კრიზისიდან რა გამოსავალს ხედავს იმ ფონზე, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტის ზომები და 48 საათია უკვე აღარ იღებს ექიმების დახმარებას?

პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს.

„რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს. მე მიმაჩნია, რომ როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხე და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს ამ საკითხით ამ ჭრილში დაინტერესება მართებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილს დამატებით აღარ განუმარტავს, კონკრეტულად როგორ ესახება სირთულის მოხსნისა და დასრულების გზები.

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30-ე დღეა, რაც საპყრობილეში შიმშილობს. გუშინ, 29 ოქტომბერს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს გააცნო სააკაშვილის განცხადება, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ ის კონსილიუმთან თანამშრომლობას ისევ წყვეტდა და აღარ მიიღებდა შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩააბარებდა ანალიზებს.