ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა - გახარია ლუკაშენკოზე

პუბლიკა

„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში“, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს.

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“ – წერს „ტვიტერში“ გახარია.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.