ესტონეთის საგარეო უწყება: „შოკისმომგვრელი და საზიზღარი თავდასხმები ზურაბიშვილსა და გახარიაზე“

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე და „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

„შოკისმომგვრელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. ესტონეთი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.“

დღეს 18 თებერვალს საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს – ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდა.

17 თებერვალს გამთენიისას კვერცხები ასევე ესროლეს გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს. პარტია „გახარია – საქართველოსთვის” განცხადებით, მათ თბილისის აეროპორტში „ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ“