ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად.
„2026 წლის 27 აპრილს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.
ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებამ მას შემდეგ დაიბარა, რაც მან 22 აპრილს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში საქართველოს შესახებ გამოფენის გახსნაზე განაცხადა:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
შეხვედრის დასრულების მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები“.
შეკითხვაზე, რა იყო ევროკავშირის ელჩის განცხადებაში მუქარის შემცველი, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას.
„ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა განმარტება ევროკავშირის ელჩის მხრიდან მის განცხადებაზე, ბოჭორიშვილმა უპასუხა:
„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! მას ევროკავშირთან მიმართებით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი.
შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს – კეთილსინდისიერ ურთიერთობაში. ამას ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ, მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ასეთი განცხადებები, არყევს“.