EU-ს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს — ჯოზეფ ბორელის წერილი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. მან საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საკითხებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრის დროს განიხილა.

ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება და ამ გზაზე კანდიდატის სტატუსია.

ბორელის თქმით, საქართველოს სტუმრობდა, რათა ქართველი ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის ეთქვა, რომ ეს ქვეყანა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

თუმცა, მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკურ ცხოვრებაში დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმისა და მედიაპლურალიზმის კუთხით.

ჯოზეფ ბორელის 3 მთავარი გზავნილია:

1. ევროკავშირში გაწევრების მოკლე გზა არ არსებობს

ჯოზეფ ბორელის წერილის თანახმად, ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტს სურს, მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.

თუმცა საქართველოს მიმართ არსებობს მოთხოვნები, რომლებიც ევროპული კომისიის მიერ 12 პრიორიტეტად ჩამოყალიბდა.

„ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ამ პუნქტების მიღწევის შედეგებზე“. – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი წერს, რომ საქართველომ 12-დან 3 პუნქტი შეასრულა, დანარჩენი 9-ის შემთხვევაში კი საკმაოდ დიდი სამუშაოა დარჩენილი – ისინი, ძირითადად, დეპოლარიზაციას, ეკონომიკის დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს ეხება.

ბორელის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების პროცესი არის ეროვნული მცდელობა, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ამ კუთხით მან ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს გაუსვა ხაზი.

„საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ გარემოს შექმნაზე, რომელიც თანამშრომლობას შესაძლებელს გახდის.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურამ პირიქით, გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია.

იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან  არ უნდა გაუშვან.

ევროკავშირში გაწევრების მოკლე გზა არ არსებობს არც საქართველოსთვის, არც ვინმე სხვისთვის. გაფართოების პროცესი ყოველთვის მიჰყვება ცხად კრიტერიუმებს. ის, რა თქმა უნდა, მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, პოლიტიკურ ნებას და ცხად ვალდებულებას ევროკავშირის ღირებულებების წინაშე“. – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს, მძიმე შრომა კი ღირს იმად, რომ ქვეყანა არა მხოლოდ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ მოქალაქეების ცხოვრება ყოველდღიურად გაუმჯობესდეს.

2. სამწუხაროა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის აღდგენა

ბორელის მეორე გზავნილი ეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას  და ამ პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენას.

უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასეც გააგრძელებს, სანამ საჭირო იქნება.

ამასთან, EU მიესალმება საქართველოს ცხად პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე.

„გადამწყვეტია, გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან, რუსეთის იზოლაციი მიზნით საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, მივესალმები საქართველოსთან მჭიდ თანამშრომლობას, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციების გვერდის ავლა. ​

თუმცა, ასევე, ვწუხვარ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ცენტრად აქცია. ასევე, საჭიროა მეტი ჩართულობა რუსული ჰიბრიდული აქტივობების წინააღმდეგ, რაც პროპაგანდას და დეზინფორმაციას გულისხმობს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია”. – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

3. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მესამე გზავნილი საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერაა.

„2008 წლიდან დღემდე საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური ხედვის მსხვერპლია. ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ კონკრეტული ქმედებებით”. – წერს ბორელი.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და საქართველოს „ძლიერ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ და აღნიშნა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა სამხედრო მისიებში.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით. დღეისათვის გადმორიცხულია 62 მილიონი ევრო არალეტალური აღჭურვილობისთვის – პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა, დანარჩენი – გზაშია.

ჯოზეფ ბორელის წერილის დასასრული

„ვფიქრობ, ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ წარმატებული საქართველო ევროპულ გზაზე. ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან“.