ეუთო/ოდირის შეფასებები იყო უაღრესად პოზიტიური – შალვა პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტარების სადამკვირვებლო მისიების დასკვნა შეაფასა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის შეფასება იყო უაღრესად პოზიტიური.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ეუთო/ოდირის შეფასებები იყო უაღრესად პოზიტიური. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მის მეორე ტურს, ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში გამართული არჩევნები, როდესაც კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება.

როდესაც ვნახეთ, რომ თავად ადმინისტრირება იყო ძალიან გამართული. ვნახეთ მათ შორის საქებარი სიტყვები საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს მიმართ, ისევე, როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ, ხმის მიცემის პროცესსა და დათვლასთან დაკავშირებით. ასევე, პოზიტიურად შეფასდა ის მექანიზმი, რომელიც საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოვიღეთ ხელახალი დათვლის სახით“,  – განაცხადა პაპუაშვილმა.


დღეს ბრიფინგზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტური შეაფასეს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიის ხელმძღვანელი, ალბერტ იონსონი აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა მან ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მისიის ხელმძღვანელის თქმით, რესურსების უთანასწორობამ სასწორი პარტიის სასარგებლოდ გადახარა.