უთანასწორო რესურსებმა და ხელისუფლებაში ყოფნამ სასწორი მმართველ მხარეს გადახარა – ეუთო

პუბლიკა

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტური შეაფასეს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიის ხელმძღვანელი, ალბერტ იონსონი აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა მან ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მისიის ხელმძღვანელის თქმით, რესურსების უთანასწორობამ სასწორი პარტიის სასარგებლოდ გადახარა.

„ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა. მაგრამ იყო უჩიოდნენ დაშინებასა და ზეწოლას. მწვავე უთანასწორობამ, რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა შეზღუდული იყო, არასაკმარისი ზედამხედველობის გამო“, – განაცხადა მან.

ალბერტ იანსონის თქმით, კერძო სატელევიზიო არხები იყვნენ პოლარიზებულნი და მიკერძოებულნი, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.

„კენჭისყრის დათვლის პროცესი, ზოგადად, დადებითად შეფასდა, თუმცა იყო გარკვეული პროცედურული საკითხები, განსაკუთრებით, ხმების დათვლის დროს. იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე, საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩეველზე გარკვეულ პირთა ჯგუფები, იყო შეშფოთების საგანი“, –თქვა მან.

მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მისი სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობას.

„ოდირისა და ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას საარჩევნო დავას და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.