ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე ორგანიზაციის ყოფილმა, მოქმედმა და მომავალმა თავმჯდომარე ქვეყნებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს.
განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და იქ შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. ეუთო-ს თავმჯჯდომარე ქვეყნები კიდევ ერთხელ გამოტახატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამოსწორებას შეუწყოს ხელი.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს“, – ნათქვამია ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე დაგმობილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე ბორდერიზაცია და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. მათ შორის 2020 წლის 11 ივლისს ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტი. ეუთო-ს თავმჯდომარეები მოუწოდებენ რუსეთს, სოხუმსა და ცხინვალს, მისცენ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს პატიმრებთან წვდომა და დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთო მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
„ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთსა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღევებზე.
„ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას, და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება რომელიც ხელს უშლის დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.
ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ არსებულ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.