„ევოლუშენ საქართველოს“ განცხადებით, თუ არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება კომპანია იძულებული გახდება შეაჩეროს საქმიანობა საქართველოში.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 1-ლი აგვისტოდან პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა, რის გამოც კომპანიის ,,გამართულად ოპერირება არ არის შესაძლებელი”.
,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოდ გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება,განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
2024 წლის 20 მაისს პროფკავშირმა „ლაბორიმ” მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.
თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ.