ევროკომისიამ უპასუხა „ცვლილებების კოალიციის“ წერილს სირიის მიერ ცხინვალისა და სოხუმის არაღიარებასთან დაკავშირებით 

პუბლიკა

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ევროკომისიისგან მიიღო პასუხი წერილზე, რომელიც სირიასთან კომუნიკაციისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების საკითხის გააქტიურებას ეხებოდა.

მიღებულ წერილში ნათქვამია:

„ევროკავშირი რჩება მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიემართება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უცვლელია.

ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს მოსაზრებებს სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ამ საკითხის წამოჭრის მნიშვნელობის შესახებ. ევროკავშირი თავის საგარეო საქმიანობაში კვლავაც შეუწყობს ხელს საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას“.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ევროკავშირის მაღალჩინოსებს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხთან დაკავშირებით წერილით ივლისში მიმართა.

კერძოდ, წერილი გაეგზავნათ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

წერილში „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და ხაზს უსვამდა, რომ „ივანიშვილის რეჟიმი“ სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და პოლიტიკურად კრემლის გავლენის ქვეშ იმყოფება მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

2026 წლის 18 ივლისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან, რათა გაუქმდეს ბაშარ ალ ასადის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც მხარდაჭერილია „უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

ბაშარ ალ ასადის ლიდერობით სირიამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა მოსკოვის არაერთ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ივლისს განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სირიის ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა დამასკომ „გადახედოს თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება“.