„კოალიცია ცვლილებისთვის“ EU-ს მიმართავს, უფრო გაააქტიუროს სირიასთან არაღიარების საკითხი

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიმართავს.

მიმართვის მიზანია, სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების საკითხი.

კოალიცია აცხადებს, რომ 17 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სირიის პარლამენტისადმი გავრცელებული სპეციალური მიმართვების შემდეგ პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო მკაფიო გახდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ნათლად დააფიქსირა პოზიცია, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს სირიას, თუ ქვეყანა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაიცავს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ამავე განცხადებაში კოალიცია აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი“ სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და პოლიტიკურად კრემლის გავლენის ქვეშ იმყოფება მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

18 ივლისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან, რათა გაუქმდეს ბაშარ ალ ასადის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც მხარდაჭერილია „უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

ბაშარ ალ ასადის ლიდერობით სირიამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა მოსკოვის არაერთ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 21 ივლისს განაცხადა, რომ ბრიუსელი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სირიის ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა დამასკომ „გადახედოს თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება“.