ევროპარლამენტარების მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს – ვოლსკი

პუბლიკა

დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეკულაციები მოჰყვა, რის გამოც სტრასბურგში მყოფმა პარტიის აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმა ევროპელ კოლეგებთან ინტენსიური კონსულტაციები გამართეს.

მისი თქმით, გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარალამენტართა მრავალპარტიული, ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში, უგულავას საქმეს განიხილავს და დასკვნას მოამზადებს.

„ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. რასაკვირველია, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს…

ასეთი მისის ჩამოსვლა, ჩვენთვის, თქვენთვის, საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც გვაქვს და რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდი ევროპარალამენტს უგულავას საქმესთან დაკავშირებით ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა გუშინ შესთავაზა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში „ქრონიკასთან” საუბრისას განცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ მათ ,რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში, ეს უნდა იყოს შემდგარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან  და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. იქნება უზრუნველყოფილი დეტალური ხელმისაწვდომობა ყველა მასალაზე“,- განაცხადა კობახიძემ.