FT: ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსული კანონის გამო სანქციების განხილვას მოითხოვს

პუბლიკა

მასალა განახლებულია

Financial Time წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსული კანონის გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესების განხილვას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უგულებელყო გაფრთხილებები ბრიუსელიდან და რამდენიმეთვიანი ქუჩის პროტესტები და გააგრძელა რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსი საკამათო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიებსა და უფლებადამცველ ჯგუფებს მთავრობასთან რეგისტრირებას ავალდებულებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

მედია წერს, რომ მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ ინიციატივის ირგვლივ დისკუსიებს უხელმძღვანელებენ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი. FT-ს ორი წყარო ეუბნება, რომ სადისკუსიო ვარიანტები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, პერსონალურ სანქციებსა და ევროკავშირის დაფინანსებების გაყინვას.

გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნები მთავრობაზე ზეწოლის მიზნით სხვადასხვა შემზღუდავ ზომებსაც განიხილავენ.

განახლება

Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს – ამის შესახებ საელჩო ფეისბუქზე წერს.

განცხადებაში სტატიის უზუსტობები განმარტებული ან შესწორებული არ არის.