ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ავრცელებს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას ეძღვნება.

„2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – წერს ის.

მისი თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი, რადგან მისი სიტყვებით,  ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა.

„სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა.

დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, – ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო“, – წერს ის.

როგორც ის აღნიშნავს, განვლილი წლების შეჯამებისას მათი მოტივაცია იგივეა: „კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება…”.