„ევროპული საქართველო“ ოპოზიციას რეგიონებში საერთო მაჟორიტარების წარდგენას სთავაზობს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, შეჯერდნენ და უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით საერთო მაჟორიტარები წარუდგინონ. მისი განცხადებით, ერთობას არ აქვს ალტერნატივა და ეს ერთობა მაჟორიტარების ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ მხრივ, საზოგადოებისთვის ცნობილია,რომ მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია. თბილისის საერთო მაჟორიტარები უკვე შერჩეულია. ახლა რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

საზოგადოებისთვის ცნობილია და გაცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ, 22-ვე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს დააყენებენ. მიუხედედავად ბევრი არგუმენტისა, რაც ჩვენს მიერ იყო წაყენებული, მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და მათი ნებაა. ამით ჩვენ რაიმე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

მინდა, ასეთ ვითარებაში მოვუწოდო, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდეს ივანიშვილთან მიმართებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იასპარეზებენ.

ჩვენ არ გვინდა კარი დავუხუროთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, ყველას გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა, ყველანი ვალდებული ვართ, შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნა, რომ შეჯერდეს მაქსიმალურად ყველგან ოპოზიცია. ამიტომ, მივმართავ ჩვენს კოლეგებსაც, თუ ისინი პოზიციას შეცვლიან, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შემოგვიერთდნენ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ეს მათი სურვილი არ იქნება, ყველა სხვა პარტიები, რომლებიც ერთიან ფორმატში ვთანამშრომლობთ, შევჯერდეთ და ასევე, უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები იმისთვის, რომ იყოს კონკურენცია. იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის მრავალფეროვნება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.