ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ „პირველ არხს” საგარეო საქმეთა სამინისტროში მაისში საქართველოში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადეს.
უწყების თქმით, საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, კოორდინაციაშია მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.
„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მაისში უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას. ორგანიზაციას აქვს მაღალი დონის ღონისძიებების გამართვის წესდება და საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, კოორდინაციაშია მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან ყველა საკითხზე. დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს ასე მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“
სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.
ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.
საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს.